ირმის ნახტომს დიდი „ძმა“ ჰყავდა, რომელიც ანდრომედამ შეჭამა - ახალი კვლევა
ირმის ნახტომს დიდი „ძმა“ ჰყავდა, რომელიც ანდრომედამ შეჭამა - ახალი კვლევა

ირმის ნახტომს აქამდე უცნობი დიდი „ძმა“ ჰყავდა, რომელიც მეზობელმა ანდრომედას გალაქტიკამ დიდი ხნის წინ დაფლითა. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ანდრომედა და ირმის ნახტომი ადგილობრივი ჯგუფის ორი უდიდესი წევრია. ადგილობრივი ჯგუფი წარმოადგენს 50-ზე მეტი გალაქტიკის შეჯგუფებას, რომელსაც სიგანეში დაახლოებით 10 მილიონი სინათლის წელიწადი უჭირავს.

ახალი კვლევის მიხედვით, დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ, ანდრომედამ ამ ოჯახის მესამე უდიდესი წევრი შთანთქა.

„ასტრონომები დიდი ხანია სწავლობენ ადგილობრივ ჯგუფს — ანდრომედას, ირმის ნახტომსა და მათ კომპანიონ გალაქტიკებს. შოკისმომგვრელი იყო იმის აღმოჩენა, რომ თურმე, ირმის ნახტომს მოზრდილი „ძმა“ ჰყავდა და ამის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით“, — აღნიშნავს განცხადებაში კვლევის თანაავტორი, მიჩიგანის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორი ერიკ ბელი.

ანდრომედა, რომლის ოფიციალური სახელია M31, ნამდვილი კანიბალია. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ამ უზარმაზარმა სპირალურმა გალაქტიკამ დროთა განმავლობაში დაფლითა და გადაყლაპა ასობით პატარა კომპანიონი გალაქტიკა. ამ შერწყმათა ოდენობა და კომპლექსურობა რომელიმე მათგანის შესახებ დეტალების გარკვევას ძალიან ართულებს. მაგრამ ბელმა და კვლევის ავტორმა, რიჩარდ დე სოუზამ ეს მაინც მოახერხეს.

კომპიუტერული სიმლუაციების გამოყენებით, მათ დაადგინეს, რომ ანდრომედას ჰალოს გარე მკრთალ მისადგომებში არსებულ ვარსკვლავთა უმეტესობა ერთი დიდი შეჯახებიდანაა მოსული. ჰალო არის დაახლოებით სფერული რეგიონი, რომელიც გარს აკრავს გალაქტიკის დისკოს.

„ეს მომენტი ‘ევრიკას’ ჰგავდა. მივხვდით, რომ ანდრომედას გარე ვარსკვლავური ჰალოს ეს ინფორმაცია უნდა გამოგვეყენებინა მის მიერ შთანთქმულ გალაქტიკათა შორის უდიდესის დეტალურ მახასიათებელთა დასადგენად“, — აღნიშნავს განცხადებაში დე სოუზა.

დამატებით ჩატარებული კომპიუტერული მოდელირების წყალობით გაირკვა ისიც, რომ ეს შეჯახება 2 მილიარდი წლის წინ მოხდა; ასევე გაარკვიეს ამ დიდი ხნის წინ მკვდარი გალაქტიკის ძირითადი დეტალებიც. M32p, როგორც მას მკვლევრებმა უწოდეს, სავარაუდოდ 20-ჯერ დიდი იყო ნებისმიერ იმ გალაქტიკაზე, რომელიც ოდესმე შერწყმია ირმის ნახტომს.

მაგრამ როგორც ჩანს, M32p ბოლომდე მაინც არ გამქრალა. დე სოუზა და ბელი ფიქრობენ, რომ ანდრომედას ერთ-ერთი თანამგზავრი გალაქტიკა, სახელად M32, სინამდვილეში, დაკარგული გალაქტიკის ნარჩენებია, რაც ანდრომედასთან შეჯახების შემდეგ გადარჩა.

„M32 უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ ის კომპაქტურ, ბებერ ელიფსურ გალაქტიკას ჰგავს, სინამდვილეში მას მრავალი ახალგაზრდა ვარსკვლავი ჰყავს. ის ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური გალაქტიკაა მთელ სამყაროში, მისი მსგავსი მეორე არ არსებობს“, — ამბობს ბელი.

კარგად ემთხვევა შერწყმის ქრონოლოგიაც. ცოტა ხნის წინ, სრულიად დამოუკიდებლად, მკვლევართა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაადგინა, რომ დაახლოებით 1,8-3 მილიარდი წლის წინ, ანდრომედა მოყოლილია დიდ შეჯახებაში, რასაც თან ახლდა ვარსკვლავთა ფორმაციის ტალღა.

ახალი კვლევა 23 ივლისს გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Astronomy-ში. ბელისა და დე სოუზას თქმით, ის ასტრონომებს დაეხმარება, უკეთესად შეისწავლონ გალაქტიკათა შერწყმების ევოლუცია და ეფექტები.

მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ გიგანტური შეჯახებები ანგრევდა სპირალურ გალაქტიკათა დისკოებს და ამ დიდებულ ობიექტებს უფრო ერთფეროვან ელიფსურ გალაქტიკებად გარდაქმნიდა. მაგრამ როგორც ჩანს, ანდრომედამ სპირალური დისკო შეინარჩუნა.

რამდენად დრამატულიც არ უნდა ყოფილიყო ანდრომედასა და M32p-ს შეჯახება, ჰორიზონტზე გაცილებით გიგანტური მოვლენა მოჩანს. დაახლოებით 4 მილიარდი წლის შემდეგ, ერთმანეთს შეეჯახება ანდრომედა და ჩვენი ირმის ნახტომი, რაც სრულად შეარყევს ადგილობრივ ჯგუფს. ამ შეჯახების შედეგად, დედამიწის ცაში შთამბეჭდავი ვარსკვლავთწარმომქმნელი ფოიერვერკები აენთება, თუ რა თქმა უნდა, ჩვენს პლანეტაზე კიდევ არსებობდა ვინმე ამის დამნახავი.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.