ანდრომედას გალაქტიკის ზომასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ვცდებოდით - გასაოცარი აღმოჩენა
ანდრომედას გალაქტიკის ზომასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ვცდებოდით - გასაოცარი აღმოჩენა

გალაქტიკის მასის გაზომვის ახალი მეთოდი ჩვენს უახლოეს გალაქტიკურ მეზეობელზე, ანდრომედაზე გამოსცადეს. აღმოჩნდა, რომ ანდრომედას გალაქტიკა დაახლოებით ირმის ნატომის ზომისაა და არა მასზე 2-3-ჯერ დიდი, როგორც აქამდე მიიჩნეოდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 4 მილიარდი წლის შემდეგ, როცა ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახება, ირმის ნახტომს სრულად ვერ შთანთქავს ანდრომედა, როგორც ამას წინა მოდელები გვთავაზობდა.

რადიოასტრონომიის საერთაშორისო ცენტრის მკვლევრთა ჯგუფმა, ასტროფიზიკოს პრაჯვალ კაფლეს ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ ანდრომედას გალაქტიკის მასა დაახლოებით 800 მილიარდჯერ აღემატება ჩვენი მზის მასას.


ჩვენი საკუთარი გალაქტიკის ფიზიკურ განზომილებათა გაზომვა ძალიან რთულია, რადგან ვიმყოფებით უშუალოდ მასში, მაგრამ როგორც კვლევაშია აღნიშნული, ასტრონომებმა მაინც შესძლეს მისი მასის განსაზღვრა — დაახლოებით 800 მილიარდი – 1,2 ტრილიონი მზის მასა.

ამ აღმოჩენის წყალობით, ერთმანეთისგან 2,5 მილიონი სინათლის წლით დაშორებული ეს ორი გალაქტიკა, ზომის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, წყვილი გამოდის.

ჩვენი გალაქტიკა და ანდრომედა, ორი უდიდესი გალაქტიკაა ე. წ. ადგილობრივ ჯგუფში, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 10 მილიონ სინათლის წელზე გავრცობილ 30-ზე მეტ გალაქტიკას.

„ეს აღმოჩენა სრულიად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ადგილობრივი ჯგუფის შესახებ“, — ამბობს კაფლე.

„მიგვაჩნდა, რომ იქ იყო ერთი დიდი გალაქტიკა, ჩვენი ირმის ნახტომი კი მასზე პატარა იყო, მაგრამ ეს სცენარი ახლა სრულიად შეიცვალა“.


ახალი გაზომვა შესაძლებელი გახადა მეთოდმა, რომელიც ანგარიშობს გალაქტიკის გრავიტაციისგან გასაქცევად საჭირო სიჩქარეს, ანუ მეორე კოსმოსურ სიჩქარეს.

„როდესაც რაკეტას კოსმოსში უშვებენ, საჭიროა განავითაროს 11 კმ/წმ სიჩქარე, რათა დედამიწის გრავიტაცია დაძლიოს“, — განმარტავს კაფლე.

„ჩვენი მშობლიური გალაქტიკა ირმის ნახტომი ტრილიონჯერ მძიმეა, ვიდრე ჩვენი ციცქნა პლანეტა დედამიწა. შესაბამისად, ირმის ნახტომის გრავიტაციისგან გასაქცევად, საჭიროა 550 კმ/წმ სიჩქარე.

გალაქტიკიდან გაქცევისათვის საჭირო სიჩქარის გამოსათვლელად, ჯგუფმა გამოიყენა ანდრომედას გალაქტიკაში არსებული ერთ-ერთი მაღალსიჩქარიანი პლანეტარული ნისლეულის მოძრაობა. შედეგი აღმოჩნდა 470 ± 40 კილომეტრი წამში.

ირმის ნახტომის მასის დასასგენად, კაფლემ იგივე მეთოდი 2014 წელსაც გამოიყენა. მაშინ გაირკვა, რომ ჩვენი გალაქტიკა იმაზე ნაკლებ ბნელ მატერიას შეიცავს, ვიდრე მანამდე გვეგონა. ახალი კვლევის შედეგად, იგივე შედეგი დაიდო ანდრომედას გალაქტიკისთვისაც.


„მაღალსიჩქარიანი ვარსკვლავების ორბიტების შესწავლის გზით, აღმოვაჩინეთ, რომ ამ გალაქტიკას იმაზე გაცილებით ნაკლები ბნელი მატერია აქვს, ვიდრე მიგვაჩნდა — წინა შეფასებებით განსაზღვრულის მხოლოდ მესამედი“, — ამბობს კაფლე.

ეს შედეგები ნიშნავს იმას, რომ ალბათ დაგვჭირდება ახალი სიმულაციები, რათა გავარკვიოთ თუ რა შეიძლება დაემართის ამ ორ გალქტიკას, როცა ისინი შეეჯახებიან. ეს შეჯახება კი, გარდაუვალია.

მაგრამ ამავე დროს, ეს ყველაფერი იმასაც ნიშნავს, რომ უკვე ხელთ გვაქვს სამყაროს შესახებ მონაცემების შეგროვების ახალი გზა.

„ნამდვილად ამაღელვებელია, რომ შევიმუშავეთ ახალი მთოდი, რომლის საშუალებითაც, უცაბედად თავდაყირა დადგა ადგილობრივი ჯგუფის შესახებ 50 წლის განმავლობაში გაბატონებული ზოგადი გაგება“, — აღნიშნავს კაფლე.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე.

მომზადებულია icrar.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი