შორეული ჯუჯა გალაქტიკა და კადრში შემოჭრილი მეტეორი ირაკლი გედენიძის ობიექტივში
შორეული ჯუჯა გალაქტიკა და კადრში შემოჭრილი მეტეორი ირაკლი გედენიძის ობიექტივში

საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ ჩვენგან წარმოუდგენლად შორს მდებარე ჯუჯა გალაქტიკა, მესიე 32 (M32) გადაიღო. ობიექტს ფოტოს ცენტრში, ოდნავ მარჯვნივ, კაშკაშა სფეროს სახით ხედავთ. სურათის გადაღების დროს, კადრში შემოიჭრა მეტეორი, რომელიც სურათზე ოდნავ დაკლაკნილი, თეთრი ხაზის სახით ჩანს.

მეტეორი კაშკაშა ფენომენია, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ატმოსფეროში ასტეროიდის ან სხვა ციური სხეულის შემოსვლის შედეგად. შემოჭრის შემდეგ, ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებული აირის მოლეკულებთან ხახუნის შედეგად, ასეთი სხეულები ცხელდება და იწვის. ამ მოვლენას ხალხი ვარსკვლავის ჩამოვარდნას უწოდებს. ხანდახან ეს სხეულები ატმოსფეროში სრულად ვერ იწვება და ნამსხვრევების გარკვეული ნაწილი დედამიწაზე ცვივა, რასაც მეტეორიტებს უწოდებენ.

 

რაც შეეხება ფოტოს მთავარ ობიექტს, მესიე 32 (M32) ჯუჯა ელიფსური გალაქტიკაა, რომელიც ჩვენგან 2,65 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ანდრომედას თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს.

ალბათ მისი სახელი ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ გეტყვით, რომ M32 წარმოადგენს ირმის ნახტომის დიდი მეზობლის, ანდრომედას გალაქტიკის თანამგზავრ გალაქტიკას. მისი დიამეტრი დაახლოებით, 6,5 ათასი სინათლის წელია; გალაქტიკა 1749 წელს ფრანგმა ასტრონომმა გიიომ ლეჟანტილმა აღმოაჩინა.

M32 შეიცავს ძირითადად ბებერ, მკრთალ წითელ და ყვითელ ვარსკვლავებს; მასში აღარ არის დარჩენილი გაზი და მტვერი ახალი ვარსკვლავების წარმოსაქმნელად.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, M32 უნდა იყოს უფრო დიდი სპირალური გალაქტიკის, M32p ნარჩენი, რომლიც ერთ დროს ადგილობრივი ჯგუფის მესამე უდიდესი წევრი იყო (ანდრომედასა და ირმის ნახტომის შემდეგ). კომპიუტერული სიმულაციების მიხედვით, დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ, ანდრომედა და M32p ერთმანეთს შეეჯახნენ, შედეგად კი დარჩა ის ციცქნა გალაქტიკა, რომელსაც დღეს ვხედავთ.

ერთ მშვენიერ დღეს, ანდრომედას გალაქტიკა ამ ნარჩენსაც მთლიანად გადაყლაპავს, დაახლოებით 4 მილიარდი წლის შემდეგ კი, ანდრომედა ჩვენს გალაქტიკას შეეჯახება და წარმოიქმნება ერთი უზარმაზარი გალაქტიკა, რომელსაც ასტრონომები „მილკომედას“ სახელით მოიხსენიებენ.

1tv.ge-ზე ცოტა ხნის წინ ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ასტროფოტოებს.

დატოვე კომენტარი