სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროს მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.
ამის შესახებ პირველ არხს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. დეტალებზე კომპანიაში მოგვიანებით ისაუბრებენ.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველამეტროსადგური დაკეტილია. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“, დილის 06:00 საათზე მოსახლეობას მეტროს შესასვლელში დახვდა წარწერა „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ”.
ამასთან, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე,არავითარი შესაძლებლობა არ არის იმისა, რომ მეტროს მემანქანეებს 45 პროცენტით ხელფასი მოუმატონ.
მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.