ბექა ნაცვლიშვილი - გაფიცულები მზად არიან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ
ბექა ნაცვლიშვილი - გაფიცულები მზად არიან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ

მოლოდინი მაქვს, რომ მერია მეტროს გაფიცულ მემანქანეებთან დაკავშირებით ნაბიჯს გადადგამს და კიდევ ერთხელ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მეტროს გაფიცულ მემანქანეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, შრომითი დავის ბევრი შემთხვევა არსებობს, პოზიციების დაახლოება შესაძლებელია.

„მთავარია, მოლაპარაკების სივრცე არსებობს. ეს ადამიანები არაინ მზად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თუ ის მოლაპარაკება იყო უშედეგო და რომელიმე მხარეს თავიდანვე ჰქონდა ხისტი პოზიცია, მგონია, რომ მაინც დარჩა სივრცე მოლაპარაკების.  შესაბამისად, რადგან გაფიცულების მხრიდან არის მზაობა, იმედი მაქვს, რომ ამას გაგებით მოეკიდება თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თავადაც გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს მოლაპარაკების გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, მისი განმარტებით, გაფიცვა არის ნებისმიერი ადამიანის უფლება.

„ეს არის ამ ადამიანების ხელში ერთადერთი მექანიზმი, ყურადღება მიიქციონ და თავიანთი უფლებები დაიცვან. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, თუ რატომ გაიფიცნენ, ზედმეტია. ძალიან ბევრი შრომითი დავა ყოფილა, რომ პოზიციები არის განსხვავებული, შემდეგ, როდესაც ორივე მხარე შეიგრძნობს თავის ძალას, ნელ-ნელა მოდიან შეთანხმებაზე“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურებიან.

მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.