მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ
მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ

მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. მემანქანეების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.

„მეტროპოლიტენი პარალიზებულია, გაფიცვა არის სრულმასშტაბიანი. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელფასები არ გაიზრდება. ვითხოვთ ერთ საათში 10 ლარს, ჯამში, პროცენტულად ჩვენი მოთხოვნაა ხელფასების 45%-​ით მატება. მეტროპოლიტენი მაშინ გაიხსნება, როდესაც ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება“,- განაცხადა მემანქანე ბესო გოგიჩაიშვილმა.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“, დილის 06:00 საათზე მოსახლეობას მეტროს შესასვლელში დახვდა წარწერა „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ”.

ამასთან, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ  ამ ეტაპზე, არავითარი შესაძლებლობა არ არის იმისა, რომ მეტროს მემანქანეებს 45 პროცენტით ხელფასი მოუმატონ.