ირაკლი ხმალაძე - მემანქანეებს ეუბნებიან, იშიმშილონ, ღამე გაათენონ და როცა სამუშაო საათები მოუწევთ, ისე ცუდად იქნებიან, მანქანაზე აღარ დასვამენ, რაც ორგანიზებული დანაშაულია
ირაკლი ხმალაძე - მემანქანეებს ეუბნებიან, იშიმშილონ, ღამე გაათენონ და როცა სამუშაო საათები მოუწევთ, ისე ცუდად იქნებიან, მანქანაზე აღარ დასვამენ, რაც ორგანიზებული დანაშაულია

მიდის მეტროს მემანქანეების უპასუხისმგებლო წაქეზება და სტიმულირება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ ვიცი, რა სამართლებრივ ლოგიკაზე ამყარებენ იურისტები განცხადებას, რომ მემანქანეების გაფიცვა სრულიად ლეგიტიმურია და რის საფუძველზე აქეზებდნენ ამ ადამიანებს, რომ მათ გაფიცვის უფლება ჰქონდათ. ის, რაც გუშინ და დღეს მოვისმინე, სრული საშინელებაა და ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ასეთი სამართალი საქართველოში არასდროს არ აღსრულებულა და რაღაც ახალ პრაქტიკას ამკვიდრებენ“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, ისინი მემანქანეებს ეუბნებიან, რომ იშიმშილონ, ღამე გაათენონ და როცა სამუშაო საათები მოუწევთ, ისე ცუდად იქნებიან, მანქანაზე აღარ დასვამენ, რაც ორგანიზებული დანაშაულია.

„სასამართლომ მემანქანეებს უთხრა, რომ სამუშაო საათებში თქვენ უნდა მუშაობდეთო. ამათ კი, ორას ორმოცმა კაცმა თქვა, ჩვენ სამუშაო საათებში კი არ ვიფიცებით, ისე ცუდად აღმოვჩნდით, მუშაობა არ შეგვიძლიაო“, – განაცხადა ხმალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაში ხედავს გამოსავალს თბილისის მერია, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ გამოსავალი სამართლის აღსრულებაშია.

„ვიღაცას რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა. შესაძლოა, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო, მაგრამ მას გასაჩივრების და გაუქმებას კანონით დადგენილი წესი და პროცედურა აქვს. ამის პრაქტიკა ხომ არსებობს?! მათ იცით რა ქნეს?! სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და პარალელურად, დაარღვიეს“, – განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი იმაშია, რომ მემანქანეებმა უკანონო მოქმედება შეწყვიტონ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

„ისინი ძალიან მწარედ არიან შეცდომაში შეყვანილი გარეშე პირების მხრიდან, რომლებიც ახლა საერთოდ არ ჩანან. მაგალითად, თქვენ ახსენეთ ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები და ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც მიხსენეს. ეს ადამიანები პროცესის მონაწილეები არ არიან, მაგრამ თურმე, მემანქანეებთან მუდმივ კომუნიკაციაში ყოფილან და მათ მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკანონოა“, – განაცხადა ხმალაძემ.