ზაზა ბარბაქაძე - მერიას რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ და შეთანხმების შემთხვევაში მეტროს მოძრაობა აღდგება
ზაზა ბარბაქაძე - მერიას რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ და შეთანხმების შემთხვევაში მეტროს მოძრაობა აღდგება

მემანქანეების აქცია უვადოა, „ერთობა 2013-ის“ მიერ გამოცხადებულია უვადო შიმშილობა და უვადო გაფიცვა, – ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ. ზაზა ბარბაქაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე მეტრო პარალიზებული იქნება, ზაზა ბარბაქაძემ განაცხადა, რომ საუბარი არ არის მოთხოვნების შესრულებამდე, რადგან მოთხოვნების შესრულება შესაძლოა, დროში გაიწელოს.

„მერიას და ბატონ კახის დღესაც ვთავაზობთ, შეგვხვდეს, მოვიდეს, დაგველაპარაკოს და კომუნიკაცია გვქონდეს. შესაძლოა, შეთანხმება შედგეს, რომლის შემდეგაც მეტროს მუშაობა აღდგება“, – განაცხადა ბარბაქაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით, გეგმავენ თუ არა მემანქანეები თუნდაც მცირე დათმობაზე წასვლას, ზაზა ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ მათ მერიას რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს და შეთანხმების შემთხვევაში მეტროს მოძრაობა აღდგება.

„ხელფასის მატებასთან დაკავშირებული მოთხოვნა დროში იყო გაწერილი. ამ ყველაფერზე შეთანხმება შეიძლებოდა. ეს ვარიანტი ჩვენ შევთავაზეთ, მაგრამ მათი პოზიცია ასეთი იყო, ახლა ვერ გეტყვით, 2019 წელს რა იქნებაო. თუ მერია თანახმა იქნება, შეხვედრა და შეთანხმება ახლაც შეიძლება“, – განაცხადა ბარბაქაძემ.

როგორც ბარბაქაძემ აღნიშნა, უკვე ჩიხური სიტუაცია შეიქმნა, რადგან ისე გამოდის, რომ ორივე მხარე თავის პრინციპებზეა და ყველა მხარე დაზარალებულია, ყველაზე მეტად კი მოსახლეობა ზარალდება.

„ულტიმატუმებით საუბრის რეჟიმი არ უნდა იყოს. ჩვენ ულტიმატუმებით არასდროს არ გვილაპარაკია. გაფიცვა კანონიერი უფლებაა და შესაბამისად, გაფიცვას ულტიმატუმს ვერ დავარქმევდით. ბატონმა მერმა ბრძანა, რომ ჩვენ შანტაჟის ენით ველაპარაკებით მოსახლეობას, რომელსაც წლების განმავლობაში ღირსეულად, პროფესიონალიზმით ვემსახურებით. ჩვენ ის ადამიანები არ ვართ, როგორადაც ამას მოსახლეობას აჩვენებენ. პირიქით, ვფიქრობ, საერთო ენა უნდა იყოს გამონახული და დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს. ჩვენ დღესაც მზად ვართ და ბატონ მერს დღესაც ვთხოვთ, შეგვხვდეს, დავჯდეთ, დავილაპარაკოთ და რაღაც აუცილებლად გადაწყდეს. აბა, ქალაქი ასე ხომ არ უნდა იყოს?!“, – განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.