მემანქანეები აცხადებენ, რომ მეტრო მუშაობას არც დღეს განაახლებს
მემანქანეები აცხადებენ, რომ მეტრო მუშაობას არც დღეს განაახლებს

თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

როგორც მემანქანეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მეტრო მუშაობას არც დღეს განაახლებს.

„მერის შემოთავაზება, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერია მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებს, ჩვენთვის მიუღებელია. პროტესტი გრძელდება“,- განაცხადა ერთ-ერთმა მემანქანემ კახა კალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მემანქანეები გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ.

ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს ხანებში მოხდება პოზიციების შეჯერება და მეტრო გაიხსნება.

გლდანში მისვლამდე კახა კალაძე გაფიცულ მემანქანეებს თბილისის მერიაში შეხვდა, თუმცა მერიაშიც შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

მეტროს მემანქანეები 4 ივნისს დილიდან გაიფიცნენ.  

გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მენანქანეების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 45 პროცენტით მატებაა.

მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.