საქართველოში 2019 წლის ოქტომბრის კიბერშეტევის დროს საქართველოს პირველი არხის ვებპორტალი და შიდა ქსელიც დაზიანდა
საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის დროს საქართველოს პირველი არხის ვებპორტალი და შიდა ქსელიც დაზიანდა.
დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობაც.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევის დროს პრობლემები შეექმნა ასობით საიტს. გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე 28 ოქტომბერს, დილიდან დაიწყო. თავდასხმა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა, წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.
აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები. ფაქტს ასევე გამოეხმაურნენ ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საგარეო უწყებები.