„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ - სამწუხაროდ, დღევანდელმა მოვლენამ ნეგატიურ ჭრილში წარმოგვაჩინა, გარწმუნებთ, ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმა
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ - სამწუხაროდ, დღევანდელმა მოვლენამ ნეგატიურ ჭრილში წარმოგვაჩინა, გარწმუნებთ, ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმა

უნდა დაველოდოთ საგამოძიებო ღონისძიებებს, მაგრამ დღეს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილი აქვს სამთო დარტყმას, – ამის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ ჟურნალისტება განუცხადა.

როგორც გელენიძემ აღნიშნა, ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გამოძიებასთან თანამშრომლობს.

„ჩახერგვა არ განხორციელებულა და ამასთან, დაზარალებულების განცხადებებიც მიგვანიშნებს, რომ დიდი ალბათობით სამთო დარტყმას ჰქონდა ადგილი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ გამჭვირვალედ ვმუშაობთ საგამოძიებო ორგანოებთან. იქ სათანადოდ რომ არ ყოფილიყო ბიგები დამონტაჟებული და სათანადო გამაგრება რომ არ ყოფილიყო, გაცილებით უფრო მძიმე შედეგი გვექნებოდა, ვინაიდან მოხდებოდა სრული დაწოლა. დღეს არათუ ცოცხლების, არამედ ცხედრების გამოყვანაც საკმაოდ გართულებული პროცესი იქნებოდა და შეიძლება დიდი ხანი გაგრძელებულიყო“, – განაცხადა ზურაბ გელენიძემ.

გელენიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება, აუცილებლად დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

„მუდმივად წარმოებს საგამოძიებო საქმიანობა. აუცილებლად დადგება იმ ადამიანისა ან ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთება“, – განაცხადა გელენიძემ.

როგორც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, უსაფრთხოების ნორმები მუდმივად გამკაცრებულია.

„საგამოძიებო მოქმედებები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული შეფერხებები იქნება იმის გამო, რომ შემდგომ არასამუშაო დღეები მოდის. ფაქტობრივად, ის ადგილი ჩვენთვის დაკონსერვდება და იქ ხელმისაწვდომობა არ გვექნება. ამაზე ჩვენ თვითონ ვთქვით უარი. საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობისთვის სრული თავისუფლება მივეცით ყველას. ჩვენ როგორც დამსაქმებელს, გვაქვს ძალიან მძიმე ჯვარი სატარებელი, ვინაიდან გვყავს ის ოჯახები და დაზარალებულები საპატრონო, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში არიან და პირველ რიგში, მათ ყველანაირად უნდა შევუმსუბუქოთ ტკივილი. უსაფრთხოების ზომები მუდმივად გამკაცრებულია, განსაკუთრებით 2016 წლის მოვლენების შემდგომ უამრავი ღონისძიება არის გატარებული, რომელიც ასახულია ასევე საკადრო ნაწილის გადახალისებაში, გაძლიერებაში, ასევე ინვესტიციების განხროციელებაში, კონკრეტულად შრომის უსაფრთხოების მხრივ. ყველა ნორმა დაცულია, ყველაფერი კეთდება, რომ ის მინიმალური უსაფრთხოების ნორმები, რაც საჭიროა შახტის ოპერირებისათვის პასიურ რეჟიმში, ყველა ღონისძიება გატარდეს.

მე დამსაქმებელი ვარ, ინვესტორი და კონრეტულად ჩემი მიზანი იყო, რომ არათუ არსებული სტანდარტებით, არამედ უფრო მაღალი დონით უზრუნველმეყო სტანდარტები და ამისთვის ყველაფერი კეთდებოდა. სამწუხაროდ, დღევანდელმა მოვლენამ სრულიად ნეგატიურ ჭრილში წარმოგვაჩინა და გარწმუნებთ, რომ ეს არ იყო უსაფრთხოების ნორმებთან ასოცირებული თემა, ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმა. აქედან გამომდინარე, ამ ორი თემის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირება, ჩემთვის ძალიან არასწორი და მძიმეა“, – განაცხადა გელენიძემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.