ერთ-ერთი მეშახტე ტყიბულში მომხდარ შემთხვევას იხსენებს [ვიდეო]

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტყიბულისა და ქუთაისის საავადმყოფოებში მინდელის შახტაში დაშავებული მეშახტეები მოინახულა.

დაშავებული ერთ-ერთი მეშახტე დიმიტრი ქუმსიშვილს მომხდარის დეტალებზე გაესაუბრა.

როგორც დაშავებული იხსენებს, დარტყმის ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბოლოს შემთხვევის ადგილიდან 15-17 მეტრის დაშორებით აღმოჩნდა.

„ჩვენს ენაზე როგორც ჰქვია, სამთო დარტყმები, სიგნალს არ იძლევა. გააჩნია, რომელ ფენაში ხარ ნახშირის მოპოვების დროს, თუ ხარ მეხუთე-მეოთხე ფენებში, სიგნალს მოგცემს. ეს მეორე ფენები არ მოგცემს სიგნალს, იქ ერთიანად წყდება. ალბათ დაჯდა ის ნავი, რასაც ლავი ჰქვია და იმან გამოიწვია ეს ტალღები. ბიჭები თავისი საქმის პროფესიონალები იყვნენ. დანარჩენს გამოძიება დაადგენს. წინასწარ მე ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს დაშავებული.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი