მინდელის შახტაში დაშავებულ ერთ-ერთ მეშახტეს ტყიბულის საავადმყოფოდან ქუთაისში გადაიყვანენ
მინდელის შახტაში დაშავებულ ერთ-ერთ მეშახტეს ტყიბულის საავადმყოფოდან ქუთაისში გადაიყვანენ

მინდელის შახტაში დაშავებულ ერთ-ერთ მეშახტეს ტყიბულის საავადმყოფოდან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანენ. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი ცნობით, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ტყიბულიდან მესამე პაციენტის გადაყვანა დიაგნოსტიკისთვის განხორციელდება.

“ამ დროის მონაცემებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას მხოლოდ თავის ტრავმა და დაჟეჟილობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა სტაბილური და ადეკვატურია. მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და რეამინაციულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. რეფერალურ ჰოსპიტალში ტყიბულიდან მესამე პაციენტის გადაყვანა დიაგნოსტიკისთვის ახლა განხორციელდება. მისი მდგომარეობა მსუბუქია, დაჟეჟილობა აღენიშნება. ამ პირის დიაგნოსტირება მოხდება, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება”, – დასძინა თალაკვაძემ.

იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოში მინდელის შახტაში დაშავებული ორი პირია მოთავსებული.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.