„მინდელის“ შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „საქნახშირის“ კომისია პირველად შედეგებს აქვეყნებს
„მინდელის“ შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „საქნახშირის“ კომისია პირველად შედეგებს აქვეყნებს

ტყიბულში, „მინდელის“ შახტში, 30 იანვარს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი მეშახტე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, „საქნახშირის“ კომისიამ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ნახშირმომპოვებელ კომპანიაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას აგრძელებს შრომის ინსპექციაც და მუშაობს პოლიციაც, საბოლოო დასკვნა კი, მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ამასთანავე, „საქნახშირში“ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქმის დეტალებს იკვლევს. „საქნახშირმა“წარმოადგინა კვლევის პირველადი შედეგები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა შედეგმა შესაძლოა, მოდიფიცირება განიცადოს, რადგან კვლევა არ დასრულებულა და მიმდინარეობს დამატებითი გარემოებების დადგენა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველადი დასკვნის შედეგების თანახმად, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე და საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემისას. კერძოდ, სპეციალური კომისიის პირველადი დასკვნით, ადგილი ჰქონდა შემდეგ დარღვევებს:

ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს „სტანდარტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთოების წესების შესახებ.“ ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას – უფლება-მოვალეობების გაცვლას, რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი არ ჩააყენეს საქმის კურსში ხელმძღვანელობა (გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არებულია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან).

ასევე, პირველადი დასკვნის მიხედვით, მას შემდეგ, რაც სამთო ოსტატმა მოახდინა გაზ-მეთანის გეგმური გაზომვა, საჭირო იყო ოსტატ-ამფეთქებელის მიერ გაზ-მეთანის დამატებითი გადაკონტროლება. თუმცა, ოსტატ-ამფეთქებელმა არ განახორციელა სანგრევის დამუხტვა, ასევე არ განახორციელა საგაზო ვითარების კონტროლი (რომელიც აუცილებელია დამუხტვამდე და დამუხტვის შემდეგ), რადგან არ ჰქონდა შახტში წაღებული გაზ-მეთანის საკონტროლო ინტერფერომეტრი. პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლების მიხედვით, ამფეთქებელი არ მისულა ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე, არ შეამოწმა ასაფეთქებელი ადგილი და ისე განახორციელა აფეთქება.

კომისიის წინასწარი მონაცემებით დგინდება, რომ N8 ველში +280 ჰორიზონტზე გამორთული იყო ადგილობრივი განიავების ვენტილატორი, რომელიც უზრუნველყოფს სანგრევის განიავებას და გაზის დაგროვების პრევენციას (გამონამუშევარში ჰაერის უწყვეტი ნაკადის მიწოდების გარეშე აფეთქებითი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია). სამთო ოსტატის მიერ არ მოხდა მუშების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა, რომელიც მითითებულია ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოების პასპორტში. მიუხედავად იმისა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მეთანის დონე ერთ პროცენტზე მეტი ფიქსირდებოდა, სამთო დისპეტჩერმა აფეთქებაზე გასცა ნებართვა, რაც უსაფრთხოების სტანდარტების სრული დარღვევაა.

„საქმის დეტალების კვლევა ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისი უწყებები და „საქნახშირის“ სპეციალური კომისია საბოლოო დასკვნას თვის ბოლოს გააკეთებენ. მანამდე, ცნობილია შუალედური შედეგები და გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ამ მომენტისთვის ჩვენთვის გახდა ცნობილი. შუალედური შედეგებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადგილზე დაირღვა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები. სპეციალისტები სწავლობენ, თუ კონკრეტულად რომელმა უფლებამოსილმა პირებმა დაარღვიეს სამუშაოების ჩატარების წესები და რატომ არ იქნა გაკონტროლებული ადგილზე უსაფრთხოების ნორმები, ასევე, მეთანის მაღალი კონცეტრაციის მიუხედავად, რატომ გაიცა აფეთქების ნებართვა. ეს დეტალები კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდება.

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც „საქნახშირის“ მართვა ჩვენმა გუნდმა ჩაიბარა, ჩვენს მთავარ ამოცანას უსაფრთხოების სისტემების მაღალ დონეზე გამართვა წარმოადგენდა. ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სამი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მძიმე შემთხვევებს. შახტების განვითარების გეგმაც სწორედ უსაფრთხოებაზე გაძლიერებული აქცენტით ხორციელდება. ტექნიკურად, შახტი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დასაქმებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იმუშაონ. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თანამშრომლების მხრიდან უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაა, რაზეც „საქნახშირი“ აუცილებლად იმუშავებს. ამ პროცესში კი, თითოეული თანამშრომლის ჩართულობა იქნება საჭირო, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველანაირი რისკი, რამაც შეიძლება ჩვენი დასაქმებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე“, – განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკიმ.