თამაზ დოლაბერიძე - უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტის შესახებ დასკვნას რამდენიმე დღეში გადმოგვიგზავნიან
თამაზ დოლაბერიძე - უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტის შესახებ დასკვნას რამდენიმე დღეში გადმოგვიგზავნიან

ტყიბულში, მინდელის შახტის დასათვალიერებლად ჩასული უკრაინელი ექსპერტები დასკვნას რამდენიმე დღეში მოამზადებენ და გადმოგვიგზავნიან – ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე აცხადებს.

„დილით ისინი ჩავლენ შახტში, შემდეგ შეხვდებიან 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულებს და რამდენიმე მეშახტეს გაესაუბრებიან. 26-ში დილით გაფრინდებიან უკრაინაში და დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც გადმოგვიგზავნიან. დასკვნა ორიენტირებული იქნება იმაზე, თუ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს არის დიდი მიზანი, რაც ამ კვლევას გააჩნია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის დეტალების გამოაშკარავება. თუმცა, აქ ხელს გვიშლის ის, რომ ხელთ არ გვაქვს იმ ექსპერტიზის პასუხები, რომელიც გარდაცვლილებს ჩაუტარდათ. ჩვენ მათ შინაარსს სავარაუდოდ გამოძიების დასრულებამდე ვერ გავეცნობით. ეს პრობლემას არ ქმნის, უბრალოდ სრული დოკუმენტაცია რომ არ გვაქვს, შესაძლოა, ამის გამო დასკვნა სრულყოფილი არ იყოს. მათ უკვე გააჩნიათ რამდენიმე ვერსია, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო 5 აპრილს და ამ ვერსიებიდან ნაკლებად სავარაუდოს გამორიცხვა რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა სრული დოკუმენტაცია. ეს რა თქმა უნდა იმოქმედებს დასკვნის სრულყოფილებაზე, თუმცა, ვფიქრობ, მათი სამუშაო დღე იმდენად ეფექტური იყო, შეეცდებიან, მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გასცენ არსებულ შეკითხვებს“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება კონკრეტულად შემთხვევის ადგილს, ექსპერტები იქ ვერ მივლენ, რადგან შემთხვევიდან მერვე დღეს კომპანიის ადმინისტრაციამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩნდება გაზების დაგროვებისა და ხანძრის საშიშროება, ის დაახშეს.

„შემთხვევის ადგილი დახშულია და ზუსტად იმ ადგილზე მისვლა ალბათ შეუძლებელი იქნება“ -, აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

ტყიბულში, მინდელის შახტის დასათვალიერებლად უკრაინელი ექსპერტები 24 აპრილს ჩავიდნენ.

5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე.