დიმიტრი ქუმსიშვილი - ტექნიკური ინსპექტირება შახტის გვირაბში წინა წელს ჩატარდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ადამიანები იღუპებიან
დიმიტრი ქუმსიშვილი - ტექნიკური ინსპექტირება შახტის გვირაბში წინა წელს ჩატარდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ადამიანები იღუპებიან

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტყიბულში, მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში მოინახულა.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საავადმყოფოში მოთავსებულ ორ დაშავებულთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქუმსიშვილი მას მომხდარის დეტალებზეც გაესაუბრა.

„ქუთაისის საავადმყოფოში ორი დაშავებული მოვინახულეთ. ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კონტაქტურია. ვისაუბრეთ დეტალებზე და მას კარგად ახსოვს შემთხვევა, რომელიც  იქ მოხდა, როგორ დაარტყა ჰაერის ტალღამ და გადაისროლა, როგორც ამბობს, 17 მეტრის მანძილზე მაინც“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, მეორე პაციენტი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ისიც კონტაქტურია.

მინისტრი დაშავებულთა ოჯახის წევრებსაც შეხვდა.

„ჩვენ შევხვდით ოჯახის წევრებს და დავარწმუნეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდეს და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ჩვეულ ცხოვრებას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა შრომითი უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინსპექტირება აღნიშნულ გვირაბს გასულ წელს ჩატარებული ჰქონდა. ამასთან, ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღევანდელის ანალოგიური შემთხვევა შახტაში 1986 წელს მოხდა.

„ადამიანების შრომითი უსაფრთხოება რომ  დაცული უნდა იყოს, ეს არის ფაქტი და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ პარლამენტთან ერთად ძალიან ბევრი გააკეთა. საკმაოდ გამკაცრებულია მოთხოვნები. ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირება აღნიშნულ გვირაბს ჩატარებული ჰქონდა წინა წლის ნოემბერში, თუმცა ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, როდესაც ადამიანები იღუპებიან“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი