ექსპერტიზის ბიუროში მინდელის შახტაში დაღუპულთა ამოცნობა მიმდინარეობს
ექსპერტიზის ბიუროში მინდელის შახტაში დაღუპულთა ამოცნობა მიმდინარეობს

ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრების ამოცნობა მიმდინარეობს.

ექსპერტიზის ბიუროში ტყიბულში დაღუპულების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.

როგორც ისინი ჟურნალისტებთან პირად საუბრებში აცხადებენ,  ცხედრები იმდენად არის დასახიჩრებული, რომ მათი ამოცნობა ჭირს. განსაკუთრებით რთულია ორი დაღუპულის ამოცნობა, რომლებსაც ძლიერი დაზიანება თავის არეში აქვთ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.