მინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს
მინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტიდან მაშველებმა ექვსივე დაღუპული მაღაროელი ამოიყვანეს. ცხედრების ამოყვანის ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და  სამთო მაშველები ახორციელებდნენ.

„საქნახშირის“ წარმომადგენელის თქმით, დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე იმყოფებიან ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის მირიან ბერიანიძის თქმით, ინსპექტირების სამუშაოები დღესვე დაიწყება.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.