საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების პროტესტის დროს რამდენიმე მანქანა დაიწვა
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების პროტესტის დროს რამდენიმე მანქანა დაიწვა

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების პროტესტის დროს, გაზეთ Le Parisien-ის რედაქციასთან რამდენიმე მანქანა დაიწვა.

„ფრანს პრესის” ცნობით, ამ მომენტისთვის უცნობია, რის გამო გაუჩნდა ცეცხლი ავტომობილებს. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, დამწვარია რვა მანქანა და ერთი მოტოციკლი. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე მეტროსადგური დროებით დახურეს. ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია.

შეგახსენებთ, დღეს პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ყვითეჟილეტიანების აქცია გაიმართა. მომიტინგეთა ნაწილი ფრანგული ტელეკომპანიებისა და სხვა მედიასაშუალებების ოფისებთანაც შეიკრიბა. მათ მედიას აქციების გაშუქება მოსთხოვეს.

პარიზში პოლიციამ აქციების დროს 57-ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავა. აქტივისტებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა ქალაქ ნანტსა და ლიონში. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები 17 ნოემბრიდან არ წყდება. აქციების დროს არეულობებსა და შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები, დღეს, უკვე მთავარ მოთხოვნად ემანუელ მაკრონის გადადგომას ასახელებენ.