პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

11:55, 13.09.2020

პარიზში ყვითელჟილეტიანების მორიგი აქციის დროს 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. როგორც იუწყებიან, პარიზში გამართულ აქციაზე 2500 ადამიანი შეიკრიბა და დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. დემონსტრანტების ნაწილს დანები და ჩაქუჩები ჩამოართვეს.

მედიის ცნობით, მომიტინგეებმა ნაგვის ყუთებს წაუკიდეს ცეცხლი და დააზიანეს ერთი ავტომობილი.

საერთო ჯამში, საფრანგეთში 12 სექტემბერს გამართულ აქციებში 6000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ტულუზაში კი, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ყვითელჟილეტიანების აქცია აკრძალეს.

ყვითელჟილეტიანების აქციები საფრანგეთში 2018 წლის ნოემბრიდან იმართება. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავზე გადასახადის გაზრდას და შესაბამისად ბენზინზე ფასების მატებას აპროტესტებდნენ. შემდეგ კი, მომიტინგეებმა მთავრობისა და პრეზიდნეტ ემანუელ მაკრონის გადადგომა მოითხოვეს.

მსგავსი