ვლადიმერ პუტინი ბრიტანელებს ურჩევს, ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის საქმეში თავად გაერკვიონ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრიტანელებს ურჩევს, ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში თავად გაერკვიონ, ვიდრე აღნიშნულ საკითხს რუსეთთან განიხილავენ. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ხორბლის ნაციონალური ცენტრის სელექციური სათბურის მონახულებისას BBC-ს ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა, ეკისრება თუ არ რუსეთს პასუხისმგებლობა აღნიშნულ საქმეზე.
„თქვენ ჯერ იქ, თქვენთან გაარკვიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ ამას თქვენთან განვიხილავთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობის საკითხზეა ჩასული.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლა მოსკოვთან დაკავშირებული საკითხი არ არის.
„ჩვენ არ გაგვიგია ბრიტანელი პოლიტიკოსების ან ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ამ საქმესთან დაკავშირებულია. საუბარია სხვადასხვა საინფორმაციო მცდელობაზე ბრიტანული მედიასაშუალებების მხრიდან, რომლებიც ობიექტურობით ყოველთვის არ გამოირჩევიან. რუსეთის ეს მოქალაქე მუშაობდა ბრიტანეთის ერთ-ერთი სპეცსამსახურისთვის. შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოხდა და ეს არანაირად არ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, ან მით უმეტეს, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის საკითხს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა.
სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი, იულია 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრთან, სკამზე უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მათი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ერთ კვირაზე მეტია იბრძვიან. მოწამლულია ასევე სამართალდამცველი, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა.
სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეს ამჟამად დიდი ბრიტანეთის უშიშროების საბჭოს წევრები განიხილავენ. როგორც გამოცემა Times-ი წერს, სპეცსამსახურები მზად არიან, წარადგინონ მტკიცებულებები, რომ მოწამვლის უკან რუსეთი დგას.