რუსეთი დოპინგის გამო ისევ დაისაჯა - ამჯერად, ხელბურთელებს ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
ევროპის ხელბურთის ფედერაციამ (EHF) გააუქმა რუსეთის 19-წლამდელ გოგონათა ნაკრების შედეგი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე, – წერს ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი. რუსებს ვერცხლის მედლები ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო ჩამოერთვათ. როგორც EHF-სგან ვგებულობთ, სამ რუს ხელბურთელს აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი აღმოუჩინეს.
ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სლოვენიაში ზაფხულში გაიმართა, რუსეთმა ფინალში 26:31 წააგო საფრანგეთის ნაკრებთან.
ევროპის ფედერაციის წესების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნაკრების ორ ან მეტ წევრს აღმოუჩენენ დოპინგს, სანქციები, შესაძლოა, ეროვნულ ფედერაციასაც შეეხოს.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სავარაუდო სასჯელზე რამდენიმე თვეში იმსჯელებენ.