ფიფა-მ ანტიდოპინგური კანონის დარღვევის გამო რუს ფეხბურთელებს სანქციები დააკისრა #1TVSPORT

19:55, 19.07.2021

ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა სანქციები დააკისრა სამ რუს ფეხბურთელს ანტიდოპინგური კანონის დარღვევის გამო, – იუწყება ორგანიზაციის პრესსამსახური.

ივან კნიაზევს, ვლადიმერ ობუხოვს (ორივე მაშინ მოსკოვის „ტორპედოში“ თამაშობდა) და მეკარე დარია მეშჩერიაკოვას (2013 წელს რუსეთის იუნიორთა ნაკრებში თამაშობდა) ფიფა-ს ანტიდოპინგური წესების და დისციპლინური კოდექსის დარღვევის გამო ფიფა-მ დისკვალიფიკაცია მისცა.

სამივე შემთხვევა 2013 წელს ჩატარებული დოპინგ-კონტროლის შედეგად მოხდა. მოთამაშეთა ტესტები განიხილეს მოსკოვის ლაბორატორიაში და თავდაპირველად ვადა-ს (WADA ანტიდოპინგური ადმინისტრაცია) მიაწოდეს ინფორმაცია, რომ უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა.

ფიფა-ს და ვადა-ს თანამშრომლობით ჩატარებულმა შემდგომმა გამოძიებამ აკრძალული ნივთიერებების გამოყენების უდავო მტკიცებულება მოიპოვა – მეთანდიენონი გამოიყენეს კნიაზევმა და ობუხოვმა, ხოლო ფუროსემიდი – მეშჩერიაკოვმა.

კნიაზევს და მეშჩერიაკოვას მიესაჯა ორი წლით დისკვალიფიკაცია. ობუხოვმა აღიარა ეს დარღვევა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და ამ გარემოებების გათვალისწინებით, სადისციპლინო კომიტეტმა სასჯელის ვადა ექვს თვემდე, 2021 წლის 2 დეკემბრამდე შეუმცირა.

მსგავსი