როგორ ეჯახება ორი უზარმაზარი გალაქტიკა ერთმანეთს - ჰაბლის ახალი ფოტო
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო. UGC 2369 სახელით ცნობილი ორი გალაქტიკა ერთ მშვენიერ დღეს ერთმანეთს შეერწყმება და გაერთიანდება; სწორედ ამ პროცესში არიან ისინი ამჟამად.
ფოტოზე ხედავთ ერთმანეთის გარშემო მოძრავ ორ გალაქტიკას, რომლებიც სულ უფრო უახლოვდებიან ერთურთს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებით, გალაქტიკებს ამჟამად ერთმანეთთან აკავშირებს გაზის, მტვრისა და ვარსკვლავებისგან შედგენილი „ხიდი“, რაც ისე ჩანს, თითქოს ისინი ერთმანეთს ხელს ართმევდნენ.
გალაქტიკათა უმეტესობა ჯგუფებსა და გროვებს მიეკუთვნება. ასეთ შეჯგუფებებში, რა თქმა უნდა, ხშირია ურთიერთქმედება ორ ან მეტ წევრს შორის. ხანდახან შესაძლებელია ისინი შეჯახებას გადაურჩნენ, მაგრამ ძლიერი გრავიტაცია გალაქტიკათა ფორმებს მაინც ცვლის.
ხშირად, ერთმანეთის სიახლოვეს ჩავლისას, გალაქტიკები ერთიმეორეს სამუდამოდ უცვლიან ფორმას, უჩნდებათ კუდის მსგავსი წარმონაქმნები, ძლიერი გრავიტაციული გავლენის გამო იწყება ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნის პროცესი და ა. შ.
მეორე მხრივ, გაცილებით გამანადგურებელია ერთმანეთთან შერწყმა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეჯახება დაახლოებით თანაბარი ზომის ორი გალაქტიკა. სწორედ ასეთი ბედი ელის შორეულ მომავალში ჩვენს გალაქტიკასაც.
ამჟამად, ირმის ნახტომი ყლაპავს მის ორ თანამგზავრ ჯუჯა გალაქტიკას — მშვილდოსანსა და დიდ ქოფაკს. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, თავად ჩვენი გალაქტიკაც გახდება სხვისი საკვები.
ასტრონომები დარწმუნებული არიან, რომ დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის შემდეგ, ერთმანეთს შეეჯახება ირმის ნახტომი და ანდრომედას გალაქტიკა, რის შედეგადაც წარმოიქმნება ერთი უზარმაზარი გალაქტიკა, რომელსაც ასტრონომები „მილკომედას“ სახელით მოიხსენიებენ. ამ მოვლენის ზუსტი დრო და შედეგად გამოწვეული პროცესები მეცნიერებს შორის განსჯის საგანია.
შეიძლება ითქვას, რომ ამ მომნუსხველ ფოტოზე ჰაბლმა სწორედ ჩვენი გალაქტიკის მომავალი გვაჩვენა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.