რატომ ვერ ვხედავთ ცისარტყელაში შავ, ყავისფერ და რუხ ფერებს — #1tvმეცნიერება
რატომ ვერ ვხედავთ ცისარტყელაში შავ, ყავისფერ და რუხ ფერებს — #1tvმეცნიერება

წვიმის შემდეგ, როგორც კი მზე კვლავ გამოანათებს, ცაში გამოჩენილი ცისარტყელა ალბათ ყველას გვინახავს. ცისარტყელას დასანახად, შესაბამისი გარემო პირობებია საჭირო.

პირველ რიგში საჭიროა, ჰაერში წყლის წვეთები იყოს — წვიმა ან თუნდაც ნისლი, მზე კი ჩვენს უკან საკმაოდ დაბლა. იმიტომ, რომ ცისარტყელა წყლის წვეთებში სინათლის გავლის შედეგად წარმოიქმნება.

მზის სინათლე ჩვენთვის თეთრად ჩანს. თუმცა, თეთრი სინათლე, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ, სინამდვილეში სხვადასხვა ფერების ნაზავია. როდესაც სინათლე წყლის წვეთში გაივლის, ეს ფერები შეიძლება ერთმანეთისგან განცალკევდეს.

სინათლის ტალღები

ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სინათლე ტალღების სახით მოძრაობს, დაახლოებით ისე, როგორც ტალღები ოკეანეში. თითოეულ ფერს, რომელსაც ცისარტყელაში ვხედავთ, სხვადასხვა „ტალღის სიგრძე“ აქვს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტალღის წვერებს შორის მანძილი თითოეულ ფერში სხვადასხვაა. ფერებს „ხილული სპექტრი“ ეწოდება — ყველაზე მოკლე ტალღის სიგრძე იისფერს აქვს, ყველაზე გრძელი კი წითელს.

წვიმის წვეთები ხშირად პატარა ბურთულებს ჰგავს და სულაც არ აქვს ცრემლის ფორმა, როგორც ამას ხშირად ხატავენ. როდესაც წყლის ამ ციცქნა ბურთულებს სინათლე ურტყამს, ამ სინათლემ შეიძლება მიმართულება შეიცვალოს. ამას „გარდატეხა“ ეწოდება.

სხვადასხვა ტალღის სიგრძე ოდნავ სხვადასხვა რაოდენობით გარდატყდება. თუ სინათლე წვიმის წვეთს შესაფერისი კუთხით დაეცემა, გარდატეხა ტალღის სიგრძეებს სხვადასხვა ფერებად განაცალკევებს. ვინაიდან ბევრ წვიმის წვეთში ბევრი სინათლე გარდატყდება, ამ ფერებს ცაში ცისარტყელას სახით ვხედავთ. ფერების გამოჩენის თანმიმდევრობა მათი ტალღის სიგრძეების მიხედვით განისაზღვრება.

ცისარტყელას შესახებ გვასწავლიან, რომ მას შვიდი ფერი აქვს: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. თუმცა, ეს მთლად სიმართლე არ არის.

ცისარტყელას ფერები

სხვადასხვა ფერი ერთმანეთს ეხვევა და ძნელია იმის თქმა, სად მთავრდება ერთი ფერი და იწყება მეორე. მათ შორის სხვა ფერებიც არის, სადაც ისინი ერთმანეთს ერევა — მაგალითად, ცისფერსა და მწვანეს შორის ჩნდება ფირუზისფერი.

ფერთა სპექტრში, ცისფერი და მწვანე ერთმანეთის გვერდითაა და სწორედ ამიტომ ვხედავთ ფირუზისფერს იქ, სადაც ისინი ერთმანეთს ერევა. თუმცა, ზოგიერთი ფერი წარმოადგენს ისეთ ფერთა ნაზავს, რომლებიც სპექტრში ერთმანეთის გვერდიგვერდ არ არის.

მაგალითად, ყავისფერი არის წითლისა და მწვანეს ნაზავი. მაგრამ ცისარტყელაში წითელი და მწვანე ზოლები ერთმანეთის გვერდით არ არის და შესაბამისად, ვერ ვხედავთ მათ ნაზავს — ყავისფერს. სწორედ ასეა მრავალი ისეთი ფერის შემთხვევაშიც, რომლებიც სხვა ფერთა ნაზავს წარმოადგენს — თუ ცისარტყელაში ფერთა ზოლები ერთმანეთს არ ედება, არც მათი შერევა ხდება.

თუმცა, არის ორი ფერი, რომლებსაც ცისარტყელაში ვერასოდეს ვხედავთ — შავი და თეთრი. შავი წარმოადგენს ფერის არარსებობას — მას მაშინ ვხედავთ, როცა სინათლე საერთოდ არ არის.

მეორე მხრივ, თეთრი წარმოადგენს ყველა სხვა ფერის ერთად თავმოყრილ კომბინაციას. როდესაც წვიმის წვეთები სინათლეს გარდატეხს, თეთრ სინათლეს ხილულ სპექტრად შლის, ანუ, ის უკვე თეთრი აღარ არის. ნაცრისფერი წარმოადგენს შავისა და თეთრის ნაზავს და ვინაიდან შავსა და თეთრს ცისარტყელაში ვერასოდეს ვხედავთ, ვერც მათი შერევის შედეგად წარმოქმნილ ფერს დავინახავთ.

შემდეგში, როდესაც ცისარტყელას შენიშნავთ, კარგად დააკვირდით და ეცადოთ, რამდენ ფერს დაინახავთ. ასევე არ გამოგრჩეთ იმის ჩანიშვნა, რომელ ფერებს ვერ დაინახავთ მასში.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.