მთვარემ ადრეული დედამიწის ატმოსფერო მზის რადიაციის მიერ განადგურებისგან დაიცვა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მთვარემ ადრეული დედამიწის ატმოსფერო მზის რადიაციის მიერ განადგურებისგან დაიცვა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ადრეული დედამიწა ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო გასართობად კარგი ადგილი.

თავდაპირველად, 4,5 მილიარდი წლის წინ, როდესაც დედამიწა ცხელი, დამდნარი, ახლად შექმნილი პლანეტა იყო, მას მარსის ზომის ობიექტი, სახელად თეია შეასკდა, ამოგლეჯილი ნამსხვრევები კოსმოსში გატყორცნა და ჩვენი პლანეტა ათასობით გრადუს ცელსიუსამდე გააცხელა.

შემდეგ, დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ, მზის სისტემა ე. წ. მძიმე ბომბარდირების პერიოდში შევიდა, როდესაც ასტეროიდები დიდი სიხშირით, სასტიკად ეცემოდნენ მზის სისტემის შიდა კლდოვან პლანეტებს. ასეთი თავდასხმის პირობებში, დედამიწა ცხელ პლანეტად რჩებოდა, გამდნარი ზედაპირით.

ამასობაში, დღევანდელზე გაცილებით მკრთალი და ცივი მზე საშინელ პერიოდს გადიოდა, ისვრიდა მძლავრ ანთებებსა და მზის ქარებს.ნამდვილი სასწაულია, რომ ამ პირობებში დედამიწამ საკმარისი ატმოსფეროს შენარჩუნება შეძლო, რათა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტად ჩამოყალიბებულიყო.

სინამდვილეში, ამას ალბათ თეიას უნდა ვუმადლოდეთ. დედამიწიდან გატყორცნილმა ნამსხვრევებმა მთვარე წარმოქმნა. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მთვარის მაგნიტურ ველს დედამიწა მზიდან მომდინარე რადიაციის მიერ სრული გადაწვისგან უნდა დაეცვა.

„როგორც ჩანს, დედამიწისთვის მთვარე წარმოადგენდა მზის ქარისგან დაცვის არსებით ბარიერს, რაც ჩვენი პლანეტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში ატმოსფეროს შესანარჩუნებლად“, — ამბობს კვლევის ავტორი, ნასას უფროსი მეცნიერი ჯიმ გრინი.

ადრე მიიჩნეოდა, რომ მთვარე მეტნაკლებად უსიცოცხლო მიწის ნაგლეჯი იყო. მას ახლა მაგნიტური ველი არ გააჩნია და შესაბამისად, მიგვაჩნდა, რომ ის მას არც არასოდეს ჰქონია, რადგან ზედმეტად პატარაა, რომ ამისათვის საჭირო დინამოს ეფექტი შეენარჩუნებინა.

თუმცა, როდესაც 1960-1970-იან წლებში მთვარეზე ასტრონავტები გავგზავნეთ, მათ მიერ ჩამოტანილმა ქანების ნიმუშებმა მაგნეტიზმის ნიშნები აჩვენა — მტკიცებულება, რომ მთვარეს ერთ დროს დედამიწის მსგავსი მაგნიტური ველი ჰქონდა.

დედამიწის მაგნიტური ველი დინამოს შედეგია — მბრუნავი, კონვექციური და ელექტროგამტარი სითხის, რომელიც კინეტიკურ ენერგიას მაგნიტურ ენერგიად გარდაქმნის და მაგნიტურ ველს პლანეტის გარშემო კოსმოსში გრეხს. ეს სითხე კი გახლავთ დედამიწის გამდნარი რკინის ბირთვი.

სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ როდესაც ახალგაზრდა იყო, მთვარეს საკმარისი სითბო გააჩნდა იმისათვის, რათა ჰქონოდა წებოვანი ცენტრი — საკუთარი გამდნარი რკინის ბირთვი. მეცნიერთა აზრით, მას მაგნიტური ველი დაახლოებით 1 – 2,5 მილიარდი წლის წინაც ჰქონდა, შემდეგ კი გაცივდა და რკინის ბირთვის გამყარდა.

„ნამცხვრის გამოცხობას ჰგავს: ღუმელიდან გამოღებისას ჯერ კიდევ ცხელია, შემდეგ კი თანდათან ცივება, რაც უფრო დიდია ნამცხვარი, გაციებასაც უფრო დიდი დრო სჭირდება“, — ამბობს გრინი.

ამ ადრეულ დღეებში დედამიწა-მთვარეს დღევანდელზე გაცილებით ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ,მთვარე ჩვენგან სულ რაღაც 130 000 კილომეტრით იყო დაშორებული, ანუ ამჟამინდელი მანძილის მესამედით. დედამიწა კი უფრო ჩქარა ბრუნავდა — დღის ხანგრძლივობა მხოლოდ ხუთ საათს შეადგენდა. პლანეტის ბრუნვის შენელებასთან ერთად, მთვარემ წელიწადში 3,82 სანტიმეტრით დაშორება დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

გრინს და მის ჯგუფს სურდა გაერკვია, როგორ ურთიერთქმედებდა ასეთ ადრეულ გარემოში მთვარის მაგნიტური ველი დედამიწასთან. ამიტომ, სიმულირებისთვის შექმნეს კომპიუტერული მოდელი.

აღმოჩნდა, რომ ორი სხეულის მაგნიტური ველები პოლუსებით უნდა ყოფილიყო შეერთებული. იმ დროისათვის, ასეთ კომბინირებულ მაგნიტურ ველს დედამიწის ატმოსფერო მზის ქარის მიერ განადგურებისგან უნდა დაეცვა.

საინტერესოა, რომ ასევე უნდა ჰქონოდა ადგილი ატმოსფეროს გარკვეულ მიმოცვლასაც. ბოლო დროს აღმოჩენილი მტკიცებულება მიუთითებს, რომ დაახლოებით 3,5-4 მილიარდი წლის წინ, მთვარეს ვულკანური აქტივობის გამო უნდა ჰქონოდა საკუთარი ატმოსფერო, რომელსაც მისივე მაგნიტური ველი აკავებდა. თუმცა, მეცნიერებს საგონებელში აგდებდა მთვარის რეგოლითში ნაპოვნი აზოტი, რადგან ის ყველა შემთხვევაში გარედან უნდა ყოფილიყო იქ მოხვედრილი.

ჯგუფის მიერ ჩატარებული სიმულაციები მიუთითებს, რომ დედამიწას და მთვარეს ატმოსფერული აირების მიმოცვლა უნდა ჰქონოდათ, რაც კარგად ხსნის მთვარის აზოტის თავსატეხს.

როგორც სიმულაციები ასევე მიუთითებს, ორი მაგნიტური ველი შეერთებული რჩებოდა დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინანდელ პერიოდამდე. ეს აღმოჩენა ძალიან ზუსტია და ემთხვევა მთვარის ატმოსფეროს ქრონოლოგიას, ისევე როგორც მაგნიტური ველის სიძლიერეს, რომელსაც წინა აღმოჩენის მიხედვით, 4 მილიარდი წლის წინ უნდა მიეღწია პიკისთვის.

ჯგუფი იმედოვნებს, რომ მთვარის სამომავლო მისიების მიერ ჩამოტანილი ახალი ნიმუშები მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის. განსაკუთრებული ინტერესის საგანია პოლუსებთან მუდამ ჩრდილში არსებული რეგიონები. ისინი შეიძლება დღემდე ინარჩუნებდნენ დედამიწის ატმოსფეროდან გაჟონილ ჟანგბადსა და აზოტს.

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რადგან გვაჩვენებს, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო პირობები შეიძლება უფრო მეტად იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რა სახის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს პლანეტა, ვიდრე თავად ამ პლანეტის ტიპსა და ვარსკვლავიდან მანძილზე. სხვა ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გადამწყვეტი შეიძლება იყოს სისტემაში გაზის გიგანტი პლანეტების არსებობაც, რადგან უზარმაზარია მათი გრავიტაციული გავლენა როგორც პლანეტაზე, ისე სისტემის გარე ნაწილში არსებულ პოტენციურად საშიშ ობიექტებზე.

იმის გაგება, თუ დედამიწისა და მზის სისტემის რომელმა მახასიათებლებმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი სიცოცხლისუნარიანობაში, დიდად დაგვეხმარება არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.