დედამიწის მაგნიტური ველი იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე გვეგონა — ახალი კვლევა #1TVმეცნიერება
დედამიწის მაგნიტური ველი იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე გვეგონა — ახალი კვლევა #1TVმეცნიერება

დედამიწის მაგნიტური ველი საშუალოდ რამდენიმე ასობით ათას წელიწადში ერთხელ ტრიალდება, ანუ ადგილებს ცვლიან ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები. ახალი კვლევის მიხედვით, მიმართულების ეს ცვლილება იმაზე ათჯერ სწრაფად შეიძლება ხდებოდეს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ეს კი უდიდესი ამბავია იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც სწავლობენ მაგნიტური ველის გადანაცვლების გავლენას სიცოცხლეზე, იკვლევენ პლანეტის განვითარებას და ცდილობენ შემდგომი გადანაცვლების უკეთესი პროგნოზირების გზების პოვნას.

წარსულში ჩატარებული პალეომაგნიტური კვლევები აჩვენებს, რომ მაგნიტურ ველს შეუძლია მიმართულება წელიწადში ერთი გრადუსით შეიცვალო; თუმცა, როგორც უახლესი კვლევა მიუთითებს, ამ მოძრაობებმა შეიძლება წელიწადში 10 გრადუსს მიაღწიოს.

ამაზე მიუთითებს დედამიწის გარე ბირთვის დეტალური კომპიუტერული სიმულაცია. ჩვენი პლანეტის ეს ნაწილი ზედაპირიდან 2800 კმ სიღრმეშია განთავსებული, შედგება რკინისა და ნიკელისგან და აკონტროლებს დედამიწის მაგნიტურ ველს.

„ჩვენი მაგნიტური ველის შესახებ ძალიან არასრული ცოდნა გვაქვს 400 წლის წინანდელ პერიოდს იქით. იმის გამო, რომ ეს სწრაფი ცვლილებები ასახავს თხევადი ბირთვის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ ქცევას, მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოგვცეს დედამიწის ღრმა წიაღის ქცევის შესახებაც“, — ამბობს ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი კრის დევისი.

დევისმა და მისმა კოლეგამ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, კეტრინ კონსტეიბლმა თავიანთ კომპიუტერული მოდელირება შეურწყეს გასული 100 000 წლის განმავლობაში დედამიწის მაგნიტური ველის ქრონოლოგიის მონაცემებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა; შედეგად, მათ მნიშვნელოვანი დამთხვევები იპოვეს სხვა კვლევებსა და საკუთარ პროგნოზებს შორის.

ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველის ცვლილებები კვალს ტოვებს დანალექებში, ლავის ნაკადებში და ადამიანის მიერ დამზადებულ ობიექტებშიც კი. თუმცა, კვლევებია საჭირო მისი გადაადგილებისა და ამისათვის საჭირო პერიოდის უკეთესად შესასწავლად.

ახალი კვლევის მიხედვით, მიმართულებაში სწრაფი ცვლილებები შესაბამისობაში მოდის მაგნიტური ველის ადგილობრივ დასუსტებასთან. განსაკუთრებით გამორჩეული იყო ერთი კონკრეტული გადანაცვლება — წელიწადში 2,5 გრადუსით მოძრაობა 39 000 წლის წინ, ზუსტად ლაშამპის მოვლენის (მაგნიტური ველის ბოლო შებრუნება ისტორიაში) შემდეგ, როდესაც დედამიწის მაგნიტური ველი დასუსტდა ცენტრალური ამერიკის დასავლეთ სანაპიროს გარშემო.

„შეიძლება ძალიან გამომწვევი იყოს იმის გარკვევა, ზუსტად ასახავს თუ არა მაგნიტური ველის კომპიუტერული სიმულაცია გეომაგნიტური ველის იმ ფიზიკურ ქცევას, რასაც გეოლოგიურ ჩანაწერებში ვხედავთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, კომპიუტერულ სიმულაციებში ჩვენ ვიხილეთ ბრწყინვალე თანხმობა ცვლილების მაჩვენებელსა და ყველაზე ქსტრემალურ მოვლენათა ზოგად მდებარეობას შორის“, — ამბობს კონსტეიბლი.

დედამიწის მაგნიტური ველი არა მხოლოდ იმაში გვეხმარება, რომ A პუნტქიდან B პუნქტში კომპასის (ან სმარტფონის) გამოყენებით მივიდეთ, არამედ გვიცავს მზისა და კოსმოსური რადიაციის გამანადგურებელი გავლენისგან. შეიძლება ვერც ვამჩნევთ, მაგრამ მაგნიტური პოლუსები მუდმივად გადაადგილდება.

ამ გადაადგილებებისა და გადანაცვლებების შესახებ უფრო მეტი რამის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველაფრისთვის, თანამგზავრების რეკონფიგურაციიდან დაწყებული, რადიაციული ზემოქმედებით დამთავრებული, რაც შეიძლება მაგნიტური ველის გადანაცვლებას მოჰყვეს.

თუმცა, ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ — რამდენად ხშირია ასეთი გადანაცვლებები და ამჯერად, ვცდილობთ დავადგინოთ, რამდენად სწრაფი.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია leeds.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.