კლიმატის ცვლილების გამო, მომავალ წლებში მსოფლიოში უფრო მეტი ცისარტყელა გაჩნდება — #1tvმეცნიერება
კლიმატის ცვლილების გამო, მომავალ წლებში მსოფლიოში უფრო მეტი ცისარტყელა გაჩნდება — #1tvმეცნიერება

კლიმატის უკიდურესი ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო შედეგი შეიძლება იყოს მსოფლიოს მასშტაბით ცისარტყელების წარმოქმნის სიხშირის ზრდა — დაახლოებით ხუთი პროცენტით 2100 წლისთვის.

ახალი კვლევის ავტორებმა შეადგინეს კლიმატის ცვლილების ნაკლებად აშკარა ეფექტების ზრდის მოდელი — გამოთვალეს წელიწადში ისეთი დღეების რაოდენობა, როდესაც სულ მცირე ერთი ცისარტყელას წარმოქმნისთვის საჭირო პირობები იქნება.

ხალხისგან მიღებული სურათების, გლობალური კლიმატური მონაცემებისა და კომპიუტერული მოდელის გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმელეთის დაახლოებით 21-34 პროცენტზე „ცისარტყელიანი დღეები“ შემცირდება, 66-79 პროცენტზე კი, მსოფლიოს დათბობასთან ერთად, ციარტყელების რაოდენობა გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ მეტი ცისარტყელას ხილვა შეიძლება სულაც არ იყოს დიდი ნუგეში გვალვებისა და წყალდიდობების ფონზე, მკვლევართა ჯგუფს სურდა კლიმატის ცვლილების პროგნოზებში მხედველობაში მიეღო ასეთი ნაკლებად ხელშესახები ცვლილებებიც, რათა წარმოეჩინათ, რამდენად შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ბუნებრივი გარემო.

პროგნოზები გაკეთდა Flickr-ზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ცისარტყელების ათობით ათასი ფოტოს საფუძველზე. თუ მითითებული იყო ადგილმდებარეობაც, სურათებს ადარებდნენ ნალექების რუკებს, ღრუბლის საფარს და მზის კუთხეს.

ამის შემდეგ, ჯგუფმა წვიმის რეალური მონაცემები გამოიყენა, რათა მოდელისთვის ესწავლებინა მომავალ წლებში გლობალური კლიმატის ცვლილების პროგნოზირება. დაადგინეს, რომ ცისარტყელიანი დღეების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზრდება ნაკლებად დასახლებულ, ზღვის დონიდან მაღლა და მაღალ განედებზე მდებარე ადგილებში, როგორებიც არის მაგალითად, ტიბეტის მთიანეთი.

თუკი გსურთ, რომ მომავალ წლებში ცისარტყელების დასანახად საუკეთესო ადგილებში მოხვდეთ, ამისათვის საჭიროა კუნძულებზე წახვიდეთ. ტოპოგრაფიის გამო, ცისარტყელების რაოდენობა გაიზრდება ჰავაის კუნძულებზეც.

„იმიტომ, რომ კუნძულების რელიეფი დღის ზღვის ბრიზების დროს ჰაერს მაღლა სწევს, წარმოქმნის ლოკალიზებულ წვიმებს გარშემო მოწმენდილი ცით, რაც მზეს სანახაობრივ ცისარტყელათა წარმოქმნის საშუალებას აძლევს“, — ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერი სტივენ ბაზინგერი.

მკვლევრები არ წასულან იმდენად ღრმად, რომ განეხილათ ისიც, რამდენად შეცვლის ცისარტყელების გამოჩენის სიხშირის ცვლილება ჩვენს კეთილდღეობას, მაგრამ საუბრობენ ისტორიულად ცისარტყელებისადმი ჩვენი დამოკიდებულების შესახებ, უძველესი დროიდან დღემდე.

ასევე გასათვალისწინებელია ის კავშირიც, რაც ცისარტყელების მსგავსმა ფენომენებმა წარმოქმნა კაცობრიობასა და ბუნებას შორის. კლიმატის ცვლილებასთან წარმატებით ბრძოლის ერთი ნაწილია ადამიანებისთვის შთაგონება, რომ გაუფრთხილდნენ და დაიცვან საკუთარი ბუნებრივი გარემო.

ძლიერ დასახლებული და სმოგიანი ზონები, ასევე ისეთი ადგილები, სადაც მომავალში მოსალოდნელია უფრო მშრალი დღეები და ნალექების ზოგადი კლება — უფრო ნაკლებ ცისარტყელას იხილავენ.

ახალი კვლევის ავტორებს სურთ, რომ მეტი ფოკუსირება მოხდეს დედამიწის სისტემის ისეთ ნაწილებზე, რომელთა ადვილად შეფასებაც შეუძლებელია. ამას კი შეიძლება გავლენა ჰქონდეს ჩვენს კეთილდღეობაზე და უფრო აშკარა გახდეს ბუნებასთან კავშირის შეგრძნება.

„კლიმატის ცვლილება კაცობრიობის გამოცდილების ყველა ასპექტზე იმოქმედებს. ჩვენი გარემოს არახელშესახები ნაწილები, როგორებიც არის თუნდაც ხმა და სინათლე — ამ ცვლილებათა ნაწილია მკვლევართა მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს“, — ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხმელეთის სისტემების მეცნიერი კიმბერლი კარლსონი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

კვლევა Global Environment Change-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია hawaii.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.