თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, კლიმატის ცვლილება დედამიწის წყლის წრებრუნვაში შემაშფოთებელ ცვლილებებს იწვევს — #1tvმეცნიერება
თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, კლიმატის ცვლილება დედამიწის წყლის წრებრუნვაში შემაშფოთებელ ცვლილებებს იწვევს — #1tvმეცნიერება

კლიმატის ცვლილება დედამიწის წყლის წრებრუნვას სერიოზულ დარტყმას აყენებს. ახალი თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, მთელ მსოფლიოში, მტკნარი წყლები სულ უფრო მტკნარდება, მარილიანი კი უფრო მლაშდება, თანაც სულ უფრო მზარდი მაჩვენებლით. ასეთი მახასიათებლის გაგრძელების შემთხვევაში, სასტიკად გაიზრდება თავსხმა წვიმის შტორმები.

აღმოჩენა მიუთითებს წყლის გლობალური წრებრუნვის სერიოზულ აჩქარებაზე — ნიშანი, რომელიც მკაფიოდ არ შეიმჩნევა ოკეანის ტივტივებიდან აღებული წყლის ნიმუშების მარილიანობის გაზომვებში; როგორც წესი, ისინი მხოლოდ ოკეანის ზედაპირის სიახლოვეს არსებულ წყალს ზომავენ. თუმცა, ასე პროგნოზირებს ბევრი კლიმატური მოდელი.

კლიმატური მეცნიერები ელოდებიან, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ოკეანის ზედაპირიდან გაიზრდება აორთქლების მაჩვენებელი, რაც ზღვის ზედა ფენას უფრო დაამლაშებს და ატმოსფეროს მეტ ტენს შემატებს.

ეს კი თავის მხრივ მსოფლიოს სხვა ნაწილებში გაზრდის ნალექებს, რაც ზოგიერთ წყალსატევს უფრო ნაკლებად მარილიანს გახდის.

ეს მახასიათებელი მოკლედ შეიძლება ასე აღიწეროს: „ტენიანი უფრო ტენიანი ხდება, მშრალი კი უფრო მშრალი“, რაც ნამდვილად არის შეშფოთების მიზეზი. თუ გლობალურ დათბობასთან ერთად წყლის წრებრუნვაც დაჩქარდა, ამას შეიძლება ღრმა გავლენა ჰქონდეს თანამედროვე საზოგადოებაზე, გამოიწვიოს გვალვები და წყლის დეფიციტი, ასევე დიდი შტორმები და წყალდიდობები.

შეიძლება დაჩქარდეს თოვლის დნობაც, რადგან პოლარულ რეგიონებში იზრდება წვიმის მაჩვენებელი.

„ატმოსფეროში დიდი ოდენობით წყლის ცირკულირებამ ასევე შეიძლება ახსნას ნალექების ის ზრდა, რაც ზოგიერთ პოლარულ ზონაში ფიქსირდება, სადაც თოვლის ნაცვლად მოსული წვიმა დნობას აჩქარებს“, — განმარტავს ბარსელონის საზღვაო მეცნიერებათა ინსტიტუტის მათემატიკოსი ესტრელია ოლმედო.

პლანეტის შორეულ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლარულ რეგიონებში გაცილებით ცოტა ოკეანის ტივტივაა, რომლებიც პირდაპირ ზომავენ ზედაპირის მარილიანობას. ახალი თანამგზავრული ანალიზები პირველია, რომელიც გლობალურ სურათს გვთავაზობს.

„სადაც ქარი ისე ძლიერი აღარ არის, ზედაპირის წყალი თბება, მაგრამ არ ხდება სითბოს ცვლა ქვეშ არსებულ წყალთან, რის გამოც, ზედაპირი უფრო მლაშდება, ვიდრე ქვედა ფენები და წარმოქმნის აორთქლების ეფექტს, რომელიც თანამგზავრული გაზომვებითაც ფიქსირდება“, — განმარტავს ესპანეთის საზღვაო მეცნიერებათა ინსტიტუტის ფიზიკოსი ანტონიო ტურიელი.

მისი განცხადებით, ეს გვეუბნება, რომ ატმოსფერო და ოკეანე იმაზე ძლიერ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, ვიდრე წარმოგვედგინა, რასაც მნიშვნელოვანი შედეგები მოსდევს კონტინენტური და პოლარული ზონებისთვის.

უახლესი კლიმატური მოდელების პროგნოზით, ყოველი ერთი გრადუსი ცელსიუსით დათბობა დედამიწის წყლის წრებრუნვას დაახლოებით 7 პროცენტით აძლიერებს.

პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ტენიანი ადგილები 7 პროცენტით უფრო ტენიანი ხდება, მშრალი ზონები კი 7 პროცენტით უფრო მშრალი.

ამ პროგნოზებს ახლა უკვე ამყარებს გლობალური თანამგზავრული მონაცემები. ტროპიკულ და შუაგანედურ რეგიონებში, მკვლევრებმა მნიშვნელოვანი სხვაობები იპოვეს მარილიანობის ტივტივებისა და თანამგზავრულ გაზომვებს შორის.

თანამგზავრული გაზომვები გაცილებით მკაფიოდ აჩვენებს ცვლილებებს დედამიწის წყლის წრებრუნვაში.

„კერძოდ, წყნარ ოკეანეში ვიხილეთ ზედაპირის მარილიანობას უფრო ნელა შემცირება, ვიდრე ზედაპირქვეშ და ზოგიერთ რეგიონში დავაკვირდით ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ზრდას, ქარების სიძლიერისა და შემრევი ფენის სიღრმის შემცირებას“, — ამბობს ესტრელია ოლმედო.

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ოკეანის სამომავლო მოდელებმა უნდა გაითვალისწინოს მარილიანობის თანამგზავრული მონაცემებიც, რადგან როგორც ჩანს, ის არის აორთქლებისა და ნალექების გლობალური ნაკადებს კარგად ასახავს.

ერთადერთი გზა, რომ მომავალში არ გაძლიერდეს სითბური ტალღები, გვალვები და შტორმები, არის გლობალური დათბობის შეზღუდვა, რისთვისაც კაცობრიობას ჯერ კიდევ შეუძლია ბევრი რამის გაკეთება.

გარკვეული ცვლილებებისთვის მსოფლიო უკვე განწირულია. გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის უახლესი შეფასებით, თუ შევძლებთ, რომ გლობალურმა ტემპერატურამ 2 °C-ზე მეტით არ მოიმატოს, ექსტრემალური ამინდის მოვლენები 14 პროცენტით უფრო გაძლიერდება, ვიდრე ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისში იყო.

ასეთი ცვლილება უკვე შემაშფოთებელია. 2021 წელს გაერო გვაფრთხილებდა, რომ უახლოეს ათწლეულებში გველოდება კატასტროფული გვალვები. როდესაც მსოფლიოს თითქმის მეოთხედს უკვე აწუხებს უკვე ახლა აწუხებს წყლის დეფიციტი, შედეგები შეიძლება საშინელი იყოს.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.