ჭარბი ნახშირორჟანგი დედამიწის ზედა ატმოსფეროს ზომაში ამცირებს — #1tvმეცნიერება
ჭარბი ნახშირორჟანგი დედამიწის ზედა ატმოსფეროს ზომაში ამცირებს — #1tvმეცნიერება

დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის ზრდამ შეიძლება გაართულოს დედამიწის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ნაგვის დასუფთავების ძალისხმევა.

ორი ახალი კვლევის მიხედვით, ამ სათბურის აირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზედა ატმოსფეროს შეკუმშვაში. ასეთ შეკუმშვას უკვე ათწლეულებია პროგნოზირებდნენ, მაგრამ მისი შემჩნევა პირველად სწორედ ახლა მოხერხდა.

მეცნიერთა მიერ დაფიქსირებული ზოგიერთი შეკუმშვა ნორმალურია და კვლავ გაიშლება, მაგრამ CO2-ის მიერ შეტანილი წვლილი სავარაუდოდ სამუდამოა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრავი ჩამოწერილი თანამგზავრები და სხვა ძველი ტექნოლოგიები იქ ალბათ უფრო დიდხანს დარჩება, რადგან შემცირებულია ატმოსფერული წევა; შედეგად, ეს რეგიონი კიდევ უფრო დაბინძურდება და პრობლემებს შეუქმნის ახალ თანამგზავრებსა და კოსმოსურ დაკვირვებებს.

„ერთი შედეგი ისაა, რომ თანამგზავრები უფრო დიდხანს დარჩება, რაც დიდებულია, მაგრამ ასევე დიდხანს დარჩება ნაგავიც, რაც გაზრდის თანამგზავრებისა და სხვა ძვირფასი კოსმოსური ობიექტების მათთან შეჯახების ალბათობას“, — ამბობს NASA-ს გეოკოსმოსური მეცნიერი მარტინ მლინშაკი.

ზოგადად, დედამიწის ატმოსფეროს აღწერები შრეებს კონკრეტულ სიმაღლეებზე ადგენს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ჩვენს პლანეტას გარშემორტყმულ აირთა მოცულობა სტატიკური არ არის. სხვადასხვა გავლენათა საპასუხოდ, ის ფართოვდება და იკუმშება; ყველაზე დიდი გავლენა ამაზე აქვს მზეს.

სტატიკური არც მზეა. აქვს აქტივობის ციკლები, მაღლიდან დაბლისკენ და ასე დაუსრულებლად, ყოველ 11 წელიწადში ერთხელ. ამჟამად ვიმყოფებით მზის 25-ე ციკლში (აღრიცხვის დაწყებიდან), რომელიც 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. წინა, 24-ე ციკლი უჩვეულოდ წყნარი იყო, მზის აქტივობის პიკშიც კი; სწორედ ამან მისცა მლინშაკს და მის კოლეგებს ატმოსფერული შეკუმშვის გაზომვის ჩატარების საშუალება.

მათი ყურადღება ფოკუსირებული იყო ორ შრეზე, რომელსაც კოლექტიურად MLT-ს უწოდებენ: მეზოსფეროს, რომელიც დაახლოებით 60 კმ სიმაღლეზე იწყება; და ქვედა თერმოსფერო, რომელიც დაახლოებით 90 კმ სიმაღლეზე იწყება.

NASA-ს თანამგზავრ TIMED-ის მონაცემებით, რომელიც ზედა ატმოსფეროში მოძრაობს და მონაცემებს აგროვებს, ჯგუფმა მიიღო თითქმის 20-წლიანი პერიოდის (2002-2021) ინფორმაცია MLT-ის წნევისა და ტემპერატურის შესახებ.

ატმოსფეროს ზოგიერთ დაბალ შრეში, ინფრაწითელი რადიაციის შთანთქმისა და შემდეგ ყველა მიმართულებით გამოყოფის გამო, CO2 გათბობის ეფექტს წარმოქმნის და ეფექტიანად იჭერს მის ნაწილს.

თუმცა, ზემოთ, გაცილებით თხელ MLT-ში, CO2-ის მიერ გამოყოფილი ინფრაწითელი რადიაციის ნაწილი კოსმოსში გარბის, თან მიაქვს სიცხე და ხდება ზედა ატმოსფეროს გაციება. რაც უფრო მაღლაა CO2, მით უფრო ცივია ატმოსფერო.

უკვე ცნობილი იყო, რომ ეს გაციება სტრატოსფეროს შეკუმშვას იწვევს. ახლა უკვე შეგვიძლია იგივე დავინახოთ მეზოსფეროში და მის ზემოთ მდებარე თერმოსფეროშიც. TIMED-ის მონაცემების გამოყენებით, მლინშაკმა და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ MLT დაახლოებით 1333 მეტრით შეიკუმშა. აქედან დაახლოებით 342 მეტრი CO2-ით გამოწვეული რადიაციული გაციების შედეგია.

„ძლიერ გვაინტერესებდა, შევძლებდით თუ არა ამ გაციებაზე და ატმოსფეროს შეკუმშვის ეფექტზე დაკვირვებას. როგორც იქნა, ამ პუბლიკაციაში ეს დაკვირვებები წარმოვადგინეთ. ამ სახით ატმოსფეროს შეკუმშვა, გლობალურ ბაზისზე, პირველებმა ვაჩვენეთ“, — აღნიშნავს მლინშაკი.

გამომდინარე იქიდან, რომ თერმოსფერო რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ივრცობა, 342 კილომეტრი შეიძლება არც ისე ბევრი ჩანდეს. თუმცა, ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის პროგრამის ფიზიკოსის, ინგრიდ კნოსენის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თერმოსფერულმა შეკუმშვამ ატმოსფერული წევა 2070 წლისთვის შეიძლება 33 პროცენტით შეამციროს.

სწორედ ატმოსფერული წევა ეხმარება თანამგზავრებსა და რაკეტებს მისის დასრულების შემდეგ ორბიტიდან გამოსვლაში. ამ წევის შემცირებამ, 2070 წლისთვის, შეიძლება 30 პროცენტით გაზარდოს ჩამოწერილი კოსმოსური ნაგვის ორბიტაზე ყოფნის პერიოდი.

რაც უფრო და უფრო მეტ თანამგზავრს უშვებენ დაბალ ორბიტაზე, ეს პრობლემა მით უფრო გამწვავდება; ჰორიზონტზე არც გამოსავალი მოჩანს — არც თანამგზავრების რაოდენობის და არც CO2-ის შემცირება.

კვლევა Journal of Geophysical Research: Atmospheres-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.