როგორ წარმოიქმნება თოვლი — #1tvმეცნიერება
როგორ წარმოიქმნება თოვლი — #1tvმეცნიერება

თოვლი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ღრუბლებში არსებული ციცქნა ყინულოვანი კრისტალები ერთმანეთს ეწებება და ფიფქებად გადაიქცევა. თუ ერთმანეთს საკმარისი რაოდენობის კრისტალი მიეწება, ისინი მძიმდებიან და მიწაზე ეცემიან.

ნოტიო ჰაერში ჩამოცვენილი ფიფქები, რომლებიც 0 °C-ზე ოდნავ თბილია, კიდეებთან დნება და ერთმანეთს ეწებება, ასე ჩნდება უფრო დიდი ფიფქები. თუმცა, ცივ, მშრალ ჰაერში ჩამოცვენილი ფიფქები ფხვიერ თოვლს წარმოქმნის, რომელიც გუნდად არ იკვრება.

თოვლი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ტემპერატურა დაბალია და ატმოსფეროში ტენი ციცქნა ყინულოვანი კრისტალების სახით არის.

რამდენი უნდა იყოს ტემპერატურა, რომ ითოვოს?

ატმოსფერული ნალექი თოვლის სახით მაშინ მოდის, როდესაც ტემპერატურა 2 °C-ზე დაბალია. მითია, თითქოს თოვისათვის ნულ გრადუსს ქვემოთ ტემპერატურაა საჭირო. ყველაზე ხშირად, დიდთოვლობები სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ნულსა და 2 °C-ს შორის არის. დადებული თოვლი მაშინვე დნობას იწყებს, როგორც კი ტემპერატურა ნულ გრადუსს ასცდება, მაგრამ დნობის პროცესის დაწყებისას, ფიფქების გარშემო ჰაერი ცივდება.

თუ ტემპერატურა 2 °C-ზე მეტია, ფიფქები დნება და თოვლის ნაცვლად თოვლჭყაპი მოდის, კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი წვიმა.

„სველი“ თოვლი და „მშრალი“ თოვლი

ფიფქის ზომა და შემადგენლობა დამოკიდებულია მასში თავმოყრილ ყინულოვან კრისტალთა რაოდენობაზე, ამას კი უკვე ჰაერის ტემპერატურა განსაზღვრავს. ფიფქები, რომლებიც მშრალ, ცივ ჰაერში ცვივა, პატარებია, ფხვიერი და გუნდად არ იკვრება. ასეთი „მშრალი“ თოვლი იდეალურია თოვლის სპორტისთვის, მაგრამ უფრო მეტია ალბათობა, რომ ქარის შემთხვევაში წარმოიქმნას ქარბუქი.

როდესაც ტემპერატურა 0 °C-ზე ოდნავ მეტია, ფიფქებს კიდეები უდნებათ, სხვა ფიფქებს ეწებებიან და წარმოიქმნება დიდი, მძიმე ფიფქები. ასე ჩნდება „სველი“ თოვლი, რომლისგანაც გუნდა კარგად კეთდება და თოვლის პაპის გაკეთებაც უფრო ადვილია.

მომზადებულია metoffice.gov.uk-ის მიხედვით.