თელავში თოვლის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
თელავში თოვლის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

თელავში თოვლის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების გაწმენდა.

„რეგიონში ყველაზე უხვი ნალექი თელავში მოვიდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია, თუმცა გზების გაწმენდის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება“, – განაცხადა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ.

მთელი ღამე ინტენსიურად თოვდა თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზეც. უღელტეხილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებიანი ავტომანქანებისთვის. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

მცირედი შეზღუდვებია მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელ გზებზეც, სადაც უხვი ნალექისა და ყინვის გამო ცალკეულ ადგილებზე ლიპყინულია.

საგზაო სამმართველო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, მიმდინარეობს გზებზე ქვიშა-მარილის დაყრა.