ინგლისში უიშვიათესი მოვლენა - მთვარის ცისარტყელა გამოჩნდა
ინგლისში უიშვიათესი მოვლენა - მთვარის ცისარტყელა გამოჩნდა

ინგლისში, კამბრიის საგრაფოში, უიშვიათესი ატმოსფერული ოპტიკური მოვლენა — მთვარის ცისარტყელა დაფიქსირდა.

ცისარტყელა ბიბისის ამინდის მკვლევარმა, ენდრიუ ჰევისონმა ქალაქ ალსტონის თავზე გადაიღო.

მოვლენა გაზაფხულის ბუნიაობის სუპერმთვარეობას დაემთხვა.

ჩვეულებრივი ცისარტყელისგან განსხვავებით, ღამის ცისარტყელა არა მზის, არამედ მთვარის ნათებითაა გამოწვეული. ამ მოვლენის შესახებ ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთის ფილოსოფოსი არისტოტელე წერდა თავის ნაშრომში „მეტეოროლოგია.

დღის ცისარტყელისგან განსხვავებით, მთვარის ცისარტყელა ჩვეულებრივ თეთრად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, ისიც ფერადია. ამის მიზეზი ის არის, რომ ღამით მთვარის სინათლე ძალიან სუსტია თვალის ფოტორეცეპტორების ასაღგზნებად და ადამიანისთვის რთულია მთვარის ცისარტყელის ფერების გარჩევა. გარდა ამისა, მთვარის ცისარტყელა გაცილებით უფრო მკრთალია, ვიდრე დღის, რადგანაც მთვარე უფრო ნაკლებ სინათლეს გამოსცემს, ვიდრე მზე.

ყველაზე კაშკაშა ღამის ცისარტყელის დანახვა შესაძლებელია სავსე მთვარის ან სავსე მთვარესთან მიახლოვებული ფაზის დროს. ასეთი ცისარტყელა ჩნდება ბნელ ცაზე, როდესაც მთვარე ცაზე არც თუ ისე ზემოთაა. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მთვარის სინათლეს წყლის წვეთები ირეკლავდეს (ძირითადად წვიმის ან ჩანჩქერის).

მთვარის ცისარტყელა ინგლისის ქალაქ სკიპტონში, 2016 წ.