ატლანტის ოკეანის თავზე საჰარის უდაბნოდან წამოსული მტვრის რეკორდულად დიდი ნაკადი გადაიჭიმა — #1TVმეცნიერება
ატლანტის ოკეანის თავზე საჰარის უდაბნოდან წამოსული მტვრის რეკორდულად დიდი ნაკადი გადაიჭიმა — #1TVმეცნიერება

მტვრის ჭავლები დედამიწის მკვებავი ციკლის შემადგენელი ბუნებრივი ფენომენია. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ძლიერი ქარი დედამიწის ზედაპირიდან იტაცებს ციცქნა მშრალ ნაწილაკებს და შორ მანძილზე მიაქვს. ყოველ ზაფხულს, საჰარის უდაბნოდან წასული მტვრის ჭავლები ატლანტის ოკეანის თავზე მიემართება.

როგორც წესი, ეს ჭავლები არც ისე დიდია და ხშირად ოკეანეში იძირება. თუმცა ამჯერად, მტვერმა ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ამერიკამდე მიაღწია.

მტვრის ჭავლების წარმოქმნასა და ოკეანის თავზე გადაადგილება ხელოვნურ თანამგზავრთა მახვილ თვალებს არ გამორჩენიათ. ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრები Copernicus Sentinel-ი და Aeolus-ი ჭავლების განვითარებას აქტიურად აკვირდებოდნენ. მტვრის ნაკადი იმდენად დიდია, რომ მეტსახელად გოძილაც კი უწოდეს.

ამ ნაკადის მეტეოროლოგიური სახელია საჰარული ჰაერის ფენა (SAL). ის წარმოიქმნება გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომის დასაწყისამდე. ზედაპირის ძლიერი ქარები მტვერს იტაცებს, ჰაერში ააქვს და ატლანტის ოკეანის თავზე გადააქვს.

შესაფერისი გარემო პირობების შემთხვევაში, ეს მტვერი ტროპოსფეროს ზედა ნაწილშიც კი ადის და გადაადგილდება 8000 კმ მანძილზე, კარიბის ზღვის აუზამდე და აშშ-ის სანაპირომდე.

საჰარის მტვრის ნაკადის შესახებ არსებობს 20-წლიანი ჩანაწერები, თუმცა, წლევანდელი ნაკადი მათ შორის ყველაზე დიდია. ისინი აშშ-მდე ხშირად აღწევენ, მაგრამ ეს კონკრეტული ნაკადი წარმოუდგენლად დიდია. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ცნობით, წლევანდელი ჭავლი საშუალოზე 60-70 პროცენტით დიდია.

ქვემოთ მოცემული ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივნისს. წარმოადგენს თანამგზავრ Copernicus Sentinel-5P-ისა და Aeolus-ის მიერ გადაღებულ კომპოზიტურ სურათს. კაშკაშა ყვითელი ფენა ძირში არის აეროზოლის ინდექსი 5P-ისგან, Aeolus-ის მიერ გადაღებული აეროზოლი და ღრუბლები კი ჩანს ზედა ნაწილში.

Aeolus-ს მონაცემები უნიკალურია, რადგან ის პირველი თანამგზავრია, რომელსაც შეუძლია დააფიქსიროს დედამიწის ქარების პროფილი გლობალურ საფუძველზე. მისი დახმარებით შესაძლებელია ამინდის გაცილებით დახვეწილი პროგნოზისა და მოდელების მიღება, რაც ნაწილობრივ იმის დამსახურებაცაა, რომ ეს თანამგზავრი დიდი სიზუსტით საზღვრავს ქარის სიმაღლეს. ასევე შეუძლია განსაზღვროს, რა სიმაღლეზე გადაადგილდება მტვრის ფენა; ამ ფოტოზე, მტვრის დიდი ნაწილი ზედაპირიდან 3-6 კმ სიმაღლეზე გადაადგილდება.

დედამიწას ამჟამად სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს მრავალი თანამგზავრი აკვირდება და ასეთ მოვლენებზე დაკვირვება მათ საკმაოდ დეტალურად შეუძლიათ. ყოველ თანამგზავრს საკუთარი, განსხვავებული ხელსაწყოების ნაკრები აქვს, რაც საერთო ჯამში, დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენათა უფრო სრულ სურათს გვაძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამგზავრული ფოტოები შეიძლება ავის მომასწავებლად მოგეჩვენოთ, სინამდვილეში ეს მოვლენა შესაძლოა, კარგის ნიშანიც იყოს. NOAA-ს ცნობით, მტვრის ჭავლებს შეუძლია ჩაახშოს ტროპიკული ქარიშხლების წარმოქმნა.

გარდა ამისა, მტვერი საკვების წყაროა ფიტოპლანქტონისთვის — ზღვის ციცქნა მცენარეებისთვის, რომლებიც ოკეანის ზედაპირთან ახლოს ტივტივებენ. ფიტოპლანქტონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვების ქსელში, რადგან საკვებით უზრუნველყოფს კვების ჯაჭვში მაღლა მდგომ ცხოველებს. ამავე დროს, ფიტოპლანქტონი არის ფოტოსინთეზური, ანუ ბიოსფეროსგან წარმოქმნის ჟანგბადს.

მტვრის ჭავლებს საკვები ნივთიერებები გადააქვთ ამაზონის წვიმის ტყეებამდეც კი. ხშირი და ძლიერი წვიმები იქ მალე ანადგურებს უმნიშვნელოვანეს საკვებ ნივთიერებებს. მტვრის ამ ნაკადების გარეშე, ამაზონი სავარაუდოდ ვერ იქნებოდა ასე საოცრად ბიომრაფალფეროვანი და შეიძლება, არც ასეთი ჩახლართული კვების ქსელი ჰქონოდა.

თუმცა, მტვრის ნაკადთან დაკავშირებით არის ერთი ცუდი ამბავიც. ბურუსს შეუძლია შეცვალოს ჰაერის ხარისხი და საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ქრონიკულ დაავადებათა მქონე ადამიანებში. ამის მიზეზი ის არის, რომ ასე შორ მანძილზე გადაადგილებისას, მტვრის შემადგენელი მსხვილი ნაწილაკები დაბლა ცვივა და რჩება მხოლოდ პატარა ნაწილაკები, რაც ადამიანისთვის გაცილებით სახიფათოა.

მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.