ოკეანის ფსკერზე უცნაური ხვრელები აღმოაჩინეს, მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან, რას უნდა წარმოექმნა ისინი — #1tvმეცნიერება
ოკეანის ფსკერზე უცნაური ხვრელები აღმოაჩინეს, მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან, რას უნდა წარმოექმნა ისინი — #1tvმეცნიერება

შუაატლანტიკური ქედის დიდწილად შეუსწავლელ ჩრდილოეთ ნაწილში ახლახან ჩატარებული ექსპედიციისას, საზღვაო მკვლევრები რაღაც უცნაურს წააწყდნენ: ციცქნა ხვრელებს დანალექებში, რომლებიც ათეულობით სწორ ხაზად არის ჩამწკრივებული.

ზღვის ფსკერზე ხვრელები დამაბნეველი არ იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ისინი წერტილოვანია და საოცრად სუფთად და თანაბარი სივრცეებით არის განლაგებული. ატლანტის ოკეანის ზედაპირიდან დაახლოებით 2,5 კილომეტრის სიღრმეზე, არაფრის სიახლოვეს რომ არ იყოს წარმოქმნილი, იფიქრებდი, რომ ისინი ადამიანის ხელით არის შექმნილი.

23 ივლისს, აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) გემ Okeanos Explorer-ის ეკიპაჟზე მყოფმა მკვლევრებმა ავტონომიური წყალქვეშა აპარატით გამოიკვლიეს აზორის არქიპელაგის ჩრდილოეთით, პორტუგალიის სიახლოვეს არსებული წყალქვეშა ვულკანური ქედი.

NOAA-ს მკვლევრები ამჯერად დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ, რათა გაარკვიონ, რას წარმოადგენს მათ მიერ აღმოჩენილი ეს უცნაური ხვრელები.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, 483 კილომეტრის მოშორებით, 1,6 კმ-ის სიღრმეში, მკვლევრებმა ხვრელების კიდევ ოთხი წყება აღმოაჩინეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ხვრელები თითქოს ადამიანის შექმნილს ჰგავს, მათ გარშემო არსებული დანალექთა პატარა გროვები მიუთითებს, რომ ისინი გათხრილია. ვცადეთ, მაგრამ დისტანციურად მოქმედი აპარატის ხელსაწყოებით ამ ხვრელებში ჩახედვა ვერ მოვახერხეთ“, — წერს NOAA პრესრელიზში.

კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ ეს ასეთი ხვრელების აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. უკვე სულ მცირე 20 წელია, რაც ისინი მეცნიერებს საგონებელში აგდებს. 2004 წელს გამოქვეყნებული მოხსენება ამავე რეგიონში ასეთივე ხვრელების აღმოჩენას იუწყება. მკვლევრებმა მათ „ლებენსშპურენი“ უწოდეს, რაც გერმანულად სიცოცხლის კვალს ნიშნავს.

„უცნობია ხვრელების წყარო ან როგორ წარმოიქმნა ისინი, მაგრამ ამოწეული დანალექები შეიძლება მიუთითებდეს ინფაუნალურ ორგანიზმთა მიერ გათხრაზე“, — წერდნენ მაშინ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ახლოს დათვალიერებისას არ გამოვლინდა ხვრელებში რაიმე ცოცხალი ორგანიზმის ბინადრობის კვალი; ასევე არ ჩანს, შეერთებულია თუ არა ხვრელები დანალექების ქვეშ რამესთან.

მას შემდეგ, მეცნიერებმა ამ ხვრელების შესახებ ბევრი ვერაფერი გაარკვიეს, მაგრამ არის იმედი, რომ ეს მისია გარკვეულ პასუხებს შემოგვთავაზებს. ახალი ექსპედიციის ფარგლებში, ავტონომიური აპარატის შესასრუტი მოწყობილობით მკვლევრებმა ხვრელების გარშემო ნიმუშების აღება შეძლეს, რათა გაერკვიათ, ბინადრობს თუ არა მათში რამე.

2004 წლის პუბლიკაციასთან და ახალ მონაცემებთან მუშაობით, NOAA-ს ღრმა ზღვის ბიოლოგი მაიკლ ვეჩიონე ცდილობს გაარკვიოს, რა იმალება შუაატლანტიკური ქვიშების ქვეშ.

„იქ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, მაგრამ არ ვიცით, რა. ეს იმას უსვამს ხაზს, რომ ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ მრავალი საიდუმლოა“, — განუცხადა ვეჩიონემ The New York Times-ს.

შუაატლანტიკური ქედი 16 000 კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული და წარმოადგენს მსოფლიოში უდიდეს ქედს, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩვენს უმეტესობას ის თვალით არასოდეს გვინახავს.

ამ რეგიონის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით და სწორედ ამიტომ ახორციელებს NOAA იქ ექსპედიციას 2022 წლის მაისიდან სექტემბრამდე.

შუაატლანტიკური ქედი მიწისძვრების ცხელი წერტილია; იქ ასევე მრავლადაა ჰიდროთერმული ღრმულები, სადაც მაგმის მიერ გამოყოფილ სითბოს ასეთ სიღრმეზე ბინადარი ორგანიზმები იყენებენ.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ 2022 წლის მისია სიცოცხლის ამ ფორმებისა და უცნაური ხვრელების წყაროს შესახებ უფრო მეტს გაარკვევს.

მომზადებულია The New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.