მეცნიერებმა დაადგინეს, როდის და რატომ გამწვანდა საჰარის უდაბნო — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა დაადგინეს, როდის და რატომ გამწვანდა საჰარის უდაბნო — #1tvმეცნიერება

მილიარდობით წლის განმავლობაში, ჩვენი პლანეტა რადიკალურად იცვლებოდა — კონტინენტების ადგილმდებარეობიდან დაწყებული, ატმოსფეროს შემადგენლობით დამთავრებული. ახალ კვლევაში, მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს საჰარის უდაბნოს ისტორია.

ახალ კლიმატურ მოდელში, ფინელმა და ბრიტანელმა მკვლევრებმა ბოლო 800 000 წლის განმავლობაში საჰარის უდაბნოს ტრანსფორმაციების რეკონსტრუქცია მოახდინეს.

მოდელის სიზუსტის გაუმჯობესების წყალობით, განსაკუთრებით კი ატმოსფერული კონვექციისა და მცენარეულობის გავრცელების თვალსაზრისით — ჯგუფმა საჰარის რეგიონის ისტორიის ზოგიერთი „ნაპრალის“ ამოვსება შეძლო.

„საჰარის უდაბნოს ციკლური ტრანსფორმაცია სავანად და ტყიან ეკოსისტემად, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გარემოებითი ცვლილებაა პლანეტაზე. ჩვენი კვლევა ერთ-ერთი პირველი კლიმატის მოდელირების კვლევაა, რომელმაც აფრიკის ტენიანი პერიოდების სიმულირება შეძლო და დაადგინა, რატომ და როდის ხდებოდა ეს მოვლენები“, — ამბობს ჰელსინკის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი ედუარდ არმსტრონგი.

მკვლევრები განსაკუთრებით ფოკუსირებული იყვნენ ე. წ. აფრიკულ ტენიან პერიოდებზე, როდესაც აფრიკის კონტინენტი იმაზე გაცილებით ტენიანი და მწვანე იყო, ვიდრე დღესაა. კლიმატური მოდელის გამოყენებით, ამ პერიოდების დროში განაწილება და გამომწვევი მიზეზები შეისწავლეს.

მოდელმა კიდევ უფრო გაამყარა დიდი ხნის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, აფრიკის ტენიანობის პერიოდებს განაპირობებს დედამიწის ორბიტული პრეცესია: როგორ ირხევა ის თავის ღერძზე 21 000-წლიანი ციკლით, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ოთხ სეზონს შორის ვარიაციებზე და აფრიკის მუსონური მეტეოროლოგიური სისტემის სიძლიერეზე.

ამ მოსაზრებას მხარს უჭერს სხვა მონაცემები და ტესტირებებიც; შედეგად, პრეცესია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უნდა იწვევდეს უფრო თბილ ზაფხულს, უფრო ძლიერ მუსონებს დასავლეთ აფრიკაში და შესაბამისად, უფრო მეტ ნალექს საჰარაში.

კვლევის კიდევ ერთი გამორჩეული მიგნება ის არის, რომ გამყინვარების ეპოქებში, როცა მაღალ განედებს გიგანტური მყინვარები ფარავდა, დედამიწის ორბიტის რხევის ეფექტები როგორღაც უქმდებოდა, რაც ჩრდილოეთ რეგიონებს სიცივეს უნარჩუნებდა და ზღუდავდა აფრიკის მუსონებს.

თუ გვეცოდინება, როდის იყო საჰარა ტენიანი, მწვანე, ბინადრობდნენ ცხოველები (მაგალითად, ბეჰემოთი), ბევრ რამეს გავიგებთ დედამიწაზე ადამიანთა გავრცელების შესახებაც. ამ მწვანე პერიოდებმა ადამიანებს (სხვა სახეობებს) შეიძლება საჰარის მარტივად გადაკვეთის საშუალება მისცა.

„დიდი მიღწევაა, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ტენიანი პერიოდების მოდელირება შევძელით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა უკეთესად შეგვიძლია ადამიანთა გავრცელების მოდელირება და აფრიკაში ჩვენი გვარის ევოლუციის შესწავლა“, — ამბობს ჰელსინკის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი მიიკა ტალავაარა.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

bristol.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.