საჰარის უდაბნო ბოლო წლებში 10%-ით გაიზარდა - საგანგაშო პროცესი გრძელდება
საჰარის უდაბნო ბოლო წლებში 10%-ით გაიზარდა - საგანგაშო პროცესი გრძელდება

საჰარა – მსოფლიოს უდიდესი უდაბნო 1920 წლის შემდეგ ზომაში დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა.

მეცნიერთა განცხადებით, ახალ რეგიონებში უდაბნოს გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.

გარდა ამისა, ამინდის მახასიათებლების ცვალებადობასა და გლობალური ტემპერატურის ზრდაზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ მშრალი და არიდული ლანდშაფტის გავრცობა შესაძლოა, მხოლოდ საჰარით არ შემოფარგლება.

ეს გახლავთ გამთბარი დედამიწის კიდევ ერთი გამოსაფხიზლებელი, გარდაუვალი შედეგი.


„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მხოლოდ საჰარას ეხება, მაგრამ სავარაუდოდ, იმავე შედეგს მივიღებდით მსოფლიოს სხვა უდაბნოთა შემთხვევაშიც“, — ამბობს კვლევის ავტორი მერილენდის უნივერსიტეტიდან, სამანტ ნიგამი.

საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებთან, ჯგუფმა მრავალი ცვალებადობა იპოვა. ასევე შეისწავლეს გარემო პირობები საჰელის რეგიონში — სამხრეთ საჰარისა და სუდანის სავანის შემაერთებელ გარდამავალ ზონაში.

„აქამდე ჩატარებული მრავალი კვლევა ძირითადად სწავლობდა ნალექებს საჰარასა და საჰელში, მაგრამ ჩვენი კვლევა უნიკალურია, რადგან შევაფასეთ უდაბნოს ზრდაში დაფიქსირებული ცვლილებები ერთსაუკუნიან მონაკვეთში“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი ნატალი თომასი.

მკვლევრებმა შეისწავლეს 1920 წლიდან შეგროვებული მონაცემები. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი მათ უდაბნოს განსაზღვრებისთვის გამოიყენეს. ამ შემთხვევაში, ასეთ მაჩვენებლად მათ წელიწადში 150 მილიმეტრზე ნაკლები ნალექი მიიჩნიეს.

მკვლევართა ცნობით, თუ მხედველობაში მივიღებთ წლიურ და არა სეზონურ ტენდენციებს, 1920-2013 წლებში საჰარის უდაბნოს ზომა 10 პროცენტით გაიზარდა. ზაფხულის თვეებში ზრდის მაჩვენებელი 16 პროცენტსაც აღწევდა.

საჰარის საზღვრების გასწვრივ მიმდინარე ცვლილებათა შესაფასებლად, ახალი კვლევისათვის ნამდვილად კარგი ინდიკატორი აღმოჩნდა საჰელის რეგიონში მდებარე ჩადის ტბა.

„ჩადის ტბის აუზი მდებარეობს იმ რეგიონში, სადაც საჰარა სამხრეთით მიიწევს. ტბა შრება. ეს გახლავთ შემცირებული ნალექების ხილული მტკიცებულება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. ეს არის წყლის ჩადინების შემცირების მაჩვენებელი ჩადის ვრცელ აუზში“, — ამბობს ნიგამი.

საჰარის გარემო პირობებზე გავლენას ახდენს კლიმატის ციკლების კომპლექსური სერია. მათ შორის არის წყნაროკეანური ათწლოვანი რყევა (PDO) და ატლანტიკური მრავალათწლოვანი რყევა (AMO).

გამომდინარე იქიდან, რომ ატლანტიკური მრავალათწლოვანი რყევა 50-70-წლიანი ციკლებით მიმდინარეობს, გრძელვადიანი კვლევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე ცვლილებათა შესასწავლად.

მკვლევართა აზრით, უდაბნოს ზრდაზე გავლენას ასევე ახდენს ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება, რაც არა მხოლოდ საჰარას, არამედ მთელი მსოფლიოს მრავალ რეგიონს ეხება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთ ცვლილებებს პირდაპირი ეფექტი აქვს ჩვენი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაზე.

„როგორც წესი, ჰედლის ცირკულაციის შედეგად, უდაბნოები ყალიბდება სუბტროპიკებში. ამ პროცესში, ეკვატორული ჰაერი სუბტროპიკებისკენ მიემართება. კლიმატის ცვლილებამ ჰედლის ცირკულაცია გააფართოვა, რამაც გამოიწვია სუბტროპიკული უდაბნოების გავრცელება ჩრდილოეთის მიმართულებით. საჰარის სამხრეთით გავრცობა მიუთითებს, რომ პროცესში ჩართულია დამატებითი მექანიზმებიც, მაგალითად, კლიმატის ისეთი ციკლები, როგორიცაა წყნაროკეანური ათწლოვანი რყევა“, — აღნიშნავს ნიგამი.

წყნაროკეანური ათწლოვანი რყევისა და ატლანტიკური მრავალათწლოვანი რყევების გავლენის კვლევის შედეგად, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჰარის უდაბნოს ზრდის ერთი-მესამედის მიზეზია ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება. შედეგი საგანგაშოა არა მხოლოდ საჰარის მცხოვრებლების, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

პლანეტის მოსახლეობა ზრდას განაგრძობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი მიწა გვესაჭიროება მოსავლის მოსაყვანად.

ზუსტი სურათის დასახატად, ამჯერად მკვლევრებს სურთ შეისწავლონ დროის უფრო დიდ მონაკვეთში შეგროვებული მონაცემები.

კვლევა Journal of Climate-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია umdrightnow.umd.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით