10 000 წლის წინ საჰარაში სოფლის მეურნეობა ყვაოდა - აღმოჩენილია უძველესი მარცვლეული
10 000 წლის წინ საჰარაში სოფლის მეურნეობა ყვაოდა - აღმოჩენილია უძველესი მარცვლეული

სანამ საჰარა ისეთი მშრალი და არასტუმართმოყვარე უდაბნო გახდებოდა, როგორიც დღესაა, იქ სიცოცხლე ჩქეფდა — ცხოვრობდნენ ადამიანები და უფრო მეტიც, ამუშავებდნენ მიწას და მოჰყავდათ ველური მარცვლეული. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. ეს გახლავთ აფრიკაში მარცვლეული კულტურების მოშენების უძველესი მტკიცებულება.

დაახლოებით 10 000 წლის წინ, ჰოლოცენის ეპოქის ადრეულ პერიოდში, საჰარის უდაბნო ძალიან სხვანაირად გამოიყურებოდა. ჯერ კიდევ 5000 წლის წინ, რეგიონი ნოყიერი და ნაყოფიერი იყო, დაფარული ყოფილა მცენარეულობითა და ტბებით. ეს ეპოქა აფრიკის ტენიანი პერიოდის სახელითაა ცნობილი.

იმ დროისათვის, ადგილს, რომელსაც დღეს ტაკარკორის კლდის თავშესაფარს უწოდებენ (თანამედროვე ლიბიის ტერიტორია), ხშირად სტუმრობდნენ მონადირე-შემგროვებელი ადამიანები. ამ ზონაში ადამიანთა გავრცელების დიდ ისტორიაზე ნათლად მეტყველებს დანალექი ქანები და ისეთი არტეფაქტები, როგორებიცაა კალათები, ბოჭკოები თუ კლდის მხატვრობა.

ჰადერსფილდისა და მოდენის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ამ რეგიონში აღმოაჩინეს მარცვლოვანი კულტურების 200 000-ზე მეტი თესლი. მარცვლები მიმოფანტული იყო პატარა, წრიულ საცავებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტაკარკორის მონადირე-შემგროვებლები მისდევდნენ სოფლის მეურნეობის ადრეულ ფორმებს — მოჰყავდათ და ინახავდნენ სხვადასხვა მარცვლეულს.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ველური მცენარეები, რომლებიც ენათესავებოდნენ დღევანდელ სარეველა ბალახებს. ეს მცენარეები ძირითადად ყვაოდა ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს სიახლოვეს, რადგან იქ ხშირად ხდებოდა ნიადაგის მოძრაობა-გადათხრა. გარდა ამისა, მცენარეულობა გამოირჩეოდა ძლიერი ადაპტაციითა და ინვაზიურობით.

მკვლევართა ვარაუდით, ეს თვისებები მონადირე-შემგროვებელთათვის სასურველი უნდა ყოფილიყო, სულ მცირე იმიტომ, რომ შეეძლოთ შეცვლილ გარემო პირობებს მორგებოდნენ და გადარჩენილიყვნენ.

„წარმოგიდგენთ ისტორიაში პირველ მტკიცებულებას, რომ არასასოფლო სამეურნეო საზოგადოებები მცენარეებს თვისებების მიხდვით ირჩევდნენ, რაც მნიშვნელოვნად ფარავს დღევანდელ სარეველა მცენარეთა თვისებებს“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევართა ჯგუფმა მოიწვია ენტომოლოგი (მწერების შემსწავლელი), რომელმაც დაადგინა, რომ თესლების საცავები გამრჯე მწერების მიერ არ იყო გაკეთებული. ამის შემდეგ, მკვლევრებმა საფუძვლიანად შეისწავლეს თავად თესლები.


თესლების დანალექები ძეგლზე მათ 30 ადგილას აღმოაჩინეს. ძირითადად შეიცავდა ველურ მარცვლეულს, რაც იმის ძლიერი მტკიცებულება იყო, რომ მას საკვებად გამოიყენებდნენ. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ბალახის თესლი, ემჩნეოდა გალეწვისა და განიავების კვალიც.

თესლების უმეტესობა გამოირჩეოდა ძლიერი სიმშრალით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მომავალ სეზონამდე არ გაღვივდებოდა და შესაბამისად, ხელსაყრელი იყო შენახვისთვის.

ზოგიერთ თესლს საკმაოდ უჩვეულო მორფოლოგია, ანუ განსხვავებული ფორმები ჰქონდა. მკვლევართა ვარაუდით, ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო კულტივირებით, ადამიანთა მხრიდან ხელოვნური გადარჩევით.

გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო შეივსო აფრიკის მდიდარი ისტორია, ეს კვლევა კაცობრიობას შესაძლოა, ასევე დაეხმაროს სამომავლო გადარჩენის ძალისხმევაში. ველური თვისებების შეტანა საკვებად ვარგის მცენარეებში შეიძლება შეუცვლელი გახდეს მსოფლიოში, რომელიც დღითი-დღე იცვლება.

„ქცევები, რომლებმაც ამ მცენარეებს გადარჩენის საშუალება მისცა შორეულ წარსულში, შეიძლება მართლაც უკიდურესად აუცილებელი რესურსი გახდეს მომავალში, როცა გლობალური დათბობა სულ უფრო იკრებს ძალებს“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Nature Plants-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი