დედამიწის შიდა ბირთვი ბრუნვის მიმართულებას იცვლის — #1tvმეცნიერება
დედამიწის შიდა ბირთვი ბრუნვის მიმართულებას იცვლის — #1tvმეცნიერება

ცოტა ვინმე თუ ფიქრობს დედამიწის წიაღში მიმდინარე ამბებზე იქამდე, ვიდრე უცაბედი მიწისძვრა ან ვულკანის ამოფრქვევა არ მოხდება.

თუმცა, დედამიწის მეცნიერები დედამიწის წიაღს გამუდმებით იკვლევენ; სულ ახლახან, მათ აღმოაჩინეს, რომ დედამიწის შიდა მყარი ბირთვი, რომელიც თითქმის ხახუნის გარეშე ბრუნავს გარს შემოკრულ გამდნარ ბირთვს შიგნით — როგორც ჩანს, შენელდა.

ვიდრე ცუდისკენ წახვალთ, გეტყვით, რომ ასეთი შემთხვევა პირველად არ მომხდარა, უფრო მეტიც, არც უახლეს ისტორიაშია პირველი.

„წარმოგიდგენთ საოცარ დაკვირვებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში შიდა ბირთვმა ბრუნვა თითქმის შეწყვიტა და შეიძლება, უკუღმა დატრიალდეს, როგორც ეს 1970-იან წლებში მოხდა“, — წერენ კვლევის ავტორები, პეკინის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერები, იი იანგი და სიადონგ სონგი.

მხოლოდ რამდენიმე ათწლეულია რაც ვიცით, რომ დედამიწის შიდა ბირთვი მის ზემოთ არსებულ მანტიასთან მიმართებაში ბრუნავს; 1996 წელს ეს სონგმა და მისმა კოლეგა სეისმოლოგმა პოლ რიჩარდსმა დაამტკიცეს. მათ კვლევამდე, იდეა, რომ დედამიწის შიდა ბირთვი პლანეტის დანარჩენი ნაწილისგან დამოუკიდებლად ბრუნავდა, მხოლოდ დაუმტკიცებელი თეორია იყო, რომელსაც დედამიწის მაგნიტური ველის დაუდასტურებელი მოდელი პროგნოზირებდა.

მას შემდეგ, დედამიწის მეცნიერებმა დაიწყეს იმის გარკვევა, თუ რა სიჩქარით ბრუნავდა ზედაპირიდან 5100 კილომეტრის სიღრმეში მდებარე ეს ბირთვი.

თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ შიდა ბირთვი ერთ სრულ ბრუნს ყოველ 400 წელიწადში ერთხელ ასრულებდა, რასაც განაპირობებდა ელექტრომაგნიტური ძალის მომენტი და გრავიტაციული ძალის ბალანსი. თუმცა, სხვა მეცნიერებმა მალევე ივარაუდეს, რომ ბრუნვა გაცილებით ნელი უნდა ყოფილიყო, დაახლოებით 1000 წელიწადში ერთი.

ბრუნვის სიჩქარე და მისი ცვალებადობა ჯერ კიდევ კამათის საგანია.

ამის გასარკვევად, სონგი იმავე მეთოდს მიუბრუნდა, რომლითაც მან და რიჩარდსმა შიდა ბირთვის ბრუნვა დაამტკიცეს. 1996 წელს, წყვილმა განმეორებითი მიწისძვრების სეისმური ტალღები შეისწავლა; 1967-1995 წლებს შორის სამხრეთ ატლანტიკიდან ჩრდილოეთ ალასკამდე მომხდარ მიწისძვრათა ეს ტალღები შიდა ბირთვიდან იყო წამოსული.

შიდა ბირთვი რომ არ ბრუნავდეს, ყველა შოკურ ტალღას ერთნაირი გზა უნდა გამოევლო. თუმცა, სონგმა და რიჩარდსმა აჩვენეს, რომ 1960-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე, სეისმური ტალღები წამის რაღაც ნაწილით აჩქარდა.

ამჯერად, იანგთან ერთად ჩატარებულ ახალ კვლევაში, სონგმა ძველ მონაცემებს გადახედა, შეადარა თითქმის იდენტურ, უფრო ახალ სეისმურ ტალღათა მახასიათებლებს, რამაც მიუთითა, რომ შიდა ბირთვი შენელდა და გაჩერდა — სავარაუდოდ, შეიძლება უკუმიმართულებითაც კი დაიწყო ბრუნვა.

დაადგინეს, რომ დაახლოებით 2009 წლის შემდეგ, მიმართულებებს, რომლებსაც იქამდე მნიშვნელოვანი დროებითი ვარიაციები აღენიშნებოდა, გამოხატავდნენ მცირე ცვლილებებს, როგორც ამას ბირთვში გავლილი და მეორე მხარეს გასული სეისმური ტალღები აჩვენებდა. ყოველგვარი დროის სხვაობა გაქრა.

„ეს გლობალურად თანმიმდევრული მახასიათებელი მიუთითებს, რომ შიდა ბირთვის ბრუნვა ახლახან შეჩერდა“, — წერენ იანგი და სონგი.

ასევე ჩანს ისიც, რომ შიდა ბირთვის შეჩერება დაკავშირებულია ბრუნვის შებრუნებასთან — რკინის ეს მყარი სფერო, 70-წლიანი რხევის ციკლის ფარგლებში, უკუმიმართულებით იწყებს ბრუნვას.

მათი გამოთვლების მიხედვით, შიდა ბირთვის შენელების და შემდეგ ბრუნვის მიმართულების შეცვლისთვის, ზუსტად იმისთვის, რაც მათ შენიშნეს, საკმარისი უნდა იყოს მცირე დისბალანსი ელექტრომაგნიტურ და გრავიტაციულ ძალებში.

ამბავი ამით არ სრულდება. როგორც მკვლევრები შენიშნავენ, 70-წლიანი ციკლი ემთხვევა სხვა დაკვირვებად პერიოდულ ცვლილებებს დედამიწის ზედაპირზე, დღის ხანგრძლივობასა და მაგნიტურ ველში, რომელთაგან ორივეს 6-7-ათწლეულიანი პერიოდულობა ახასიათებს.

იანგის და სონგის განცხადებით, ეს ხშირი, ნელი შებრუნება, რომელიც ყოველ 60-70 წელიწადში ხდება, მიუთითებს დედამიწის სხვადასხვა შრეებში არსებულ რეზონანსის სისტემაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის შიდა ბირთვი დინამიკურად უნდა იყოს დაკავშირებული მის გარე შრეებთან — გარე ბირთვთან ელექტრომაგნიტური და მანტიასთან გრავიტაციული ძალებით მიბმული, ეს კვლევა უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებაც, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის წიაღში მიმდინარე მოვლენები მის ზედაპირზე, თხელ ქერქზე, რომელზეც ჩვენ ყველა ვარსებობთ.

კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.