მეცნიერებმა დედამიწის შიდა ბირთვში დამალული სტრუქტურის ნიშნები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა დედამიწის შიდა ბირთვში დამალული სტრუქტურის ნიშნები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

მართალია, მიწაზე რომ დავაბიჯებთ, სულ არ ვფიქრობთ, რა არის ჩვენს ქვემოთ, მაგრამ იქ იმალება წიგნის ფურცლების მსგავსი კომპლექსური შრეები, რომლებზეც დედამიწის ისტორიაა დაწერილი, ჩვენი ისტორია.

ახალმა კვლევამ დედამიწის შორეული წარსულის ერთი სრულიად ახალი თავის მტკიცებულებას მიაგნო — როგორც ჩანს, დედამიწის შიდა ბირთვს შიგნით სხვა, კიდევ უფრო შიდა ბირთვი აქვს.

„ტრადიციულად ვფიქრობდით, რომ დედამიწას ოთხი მთავარი შრე აქვს — ქერქი, მანტია, გარე და შიდა ბირთვები“, — განმარტავს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ჯოან სტივენსონი.

დედამიწის ქერქს მიღმა არსებულის შესახებ ძირითადად ვულკანური ამოფრქვევებისა და სეისმური ტალღების წყალობით ვიცით. ასეთ არაპირდაპირ დაკვირვებებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ წარმოუდგენლად ცხელი შიდა ბირთვი, რომლის ტემპერატურაც 5000 გრადუს ცელსიუსს აღწევს, დედამიწის მთლიანი მოცულობის მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს.

ამჯერად, სტივენსონმა და მისმა კოლეგებმა იმის კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება იპოვეს, რომ დედამიწის შიდა ბირთვს შეიძლება, ერთმანეთისგან განსხვავებული ორი შრე ჰქონდეს.

„ძალიან ამაღელვებელია და შეიძლება ნიშნავს იმასაც, რომ სახელმძღვანელოების ხელახლა დაწერა მოგვიწიოს“, — ამბობს სტივენსონი.

კვლევისათვის ჯგუფმა გამოიყენა ძებნის ალგორითმისა და შიდა ბირთვის ათასობით მოდელი, რომლებიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო სეისმური ცენტრის მიერ დედამიწის სიღრმიდან მომდინარე სეისმური ტალღების საშუალებით შეგროვებული მონაცემებით შექმნეს.

რა ნახეს სიღრმეში? შიდა ბირთვის ზოგიერთი მოდელის ანიზოტროპიაზე დაკვირვებით, ანუ რამდენად ცვლის სეისმურ ტალღათა თვისებებს სხვადასხვა შემადგენლობა, დაადგინეს, რომ ზოგიერთი მათგანი სხვებზე მეტად იყო სავარაუდო.

ზოგიერთი მოდელი მიუთითებს, რომ შიდა ბირთვის მასალა სეისმურ ტალღებს სწრაფად, ეკვატორის პარალელურად მიმართავს, ზოგიერთი კი ირწმუნება, რომ შემადგენელი მასალების ნაზავი სწრაფ ტალღებს უფრო დედამიწის ბრუნვის ღერძის პარალელურად მიმართავს. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს არგუმენტები გარკვეულ კუთხეებზე განსხვავებათა ზუსტი გრადუსის შესახებ.

კვლევამ შიდა ბირთვის სიღრმეში დიდი სახესხვაობები ვერ აჩვენა, მაგრამ იპოვა ცვლილება 54-გრადუსიანი კუთხის ნელი მიმართულებით, ტალღების სწრაფი მიმართულებები კი ღერძის პარალელურად ვრცელდებოდა.

„ვიპოვეთ მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ცვლილებას რკინის სტრუქტურაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ დედამიწის ისტორიაში მომხდარია გაციების ორი ცალკეული მოვლენა“, — ამბობს სტივენსონი.

მისივე თქმით, დიდი მოვლენის შესახებ დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ უდავოა, რომ დედამიწის შიდა ბირთვის შესახებ ჩვენს ცოდნას მნიშვნელოვანი ცნობები შეემატა.

ახალმა აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, რატომ არის ზოგიერთი ექსპერიმენტული მტკიცებულება დედამიწის სტრუქტურების ამჟამინდელ მოდელებთან შეუსაბამო.

ყველაზე შიდა ფენის არსებობას უკვე წლებია ეჭვობდნენ, რაზეც მიუთითებდა შიდა ბირთვის შემადგენელი რკინის კრისტალების ერთმანეთისგან განსხვავებული სტუქტურული განლაგება.

„გლობალური მიწისძვრებისა და რესივერების გადანაწილება შეზღუდულია, განსაკუთრებით პოლარულ ანტიპოდებთან“, — წერს ჯგუფი და განმარტავს, რომ მონაცემთა ნაკლებობა მათი დასკვნის სანდოობას ამცირებს. თუმცა, მათი დასკვნები ემთხვევა ყველაზე შიდა ბირთვის ანიზოტროპიის შესახებ ჩატარებულ სხვა უახლეს კვლევებს.

ახალმა მეთოდმა, რომელზეც ამჟამად მუშაობენ, შეიძლება ასეთი მონაცემებით მალე უზრუნველგვყოს და მეცნიერებს საშუალება მისცეს, რომ ეს აღმოჩენა დაადასტურონ ან უარყონ; იმედია, ეს მეთოდი დედამიწის ისტორიის ამ ადრეულ ფენაში ჩამარხულ სხვა ბევრ ამბავსაც მოგვითხრობს.

კვლევა Journal of Geophysical Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.