20-წლიანი ძებნის შემდეგ, მეცნიერებმა დედამიწის ყველაზე შიდა ბირთვი საბოლოოდ იპოვეს — #1tvმეცნიერება
20-წლიანი ძებნის შემდეგ, მეცნიერებმა დედამიწის ყველაზე შიდა ბირთვი საბოლოოდ იპოვეს — #1tvმეცნიერება

რაც უფრო მეტად ვსწავლობთ ჩვენი პლანეტის წიაღს, მით მეტ საოცარ ფაქტს ვიგებთ მის შესახებ.

ახალი ანალიზები მიუთითებს, რომ შიდა ბირთვში კიდევ ერთი შიდა ბირთვი არსებობს — რკინის მკვრივი ბურთი ჩვენი პლანეტის მთლად ცენტრში.

ამან კი შეიძლება გაგვიმხილოს აქამდე უცნობი დეტალები დედამიწის წარმოქმნისა და ევოლუციის შესახებ, რადგან მიუთითებს ჩვენი პლანეტის ადრეულ ისტორიაში მომხდარ მნიშვნელოვან გლობალურ მოვლენაზე.

დედამიწის შიდა სტრუქტურა კონცენტრირებულ ფენათა სერიისგან შედგება, ქერქიდან ბირთვამდე. სულ ცენტრში არის შიდა ბირთვი, რომლის რადიუსიც დაახლოებით 1227 კილომეტრია; წარმოადგენს ჩვენი პლანეტის ყველაზე მკვრივ ნაწილს, მყარ ბურთს, რომელიც ძირითადად რკინისა და ნიკელისგან შედგება და მასზე პლანეტის მოცულობის ერთ პროცენტზე ნაკლები მოდის.

შიდა ბირთვი დედამიწის ისტორიის დროის კაფსულასავით არის.

შიდა ბირთვის ზრდასთან ერთად, გამყარების პროცესი სითბოს და სინათლეს გამოყოფს, რაც გარე თხევად ბირთვში კონვექციას განაპირობებს — ერთგვარ ძრავას, რომელიც დინამოს ეფექტს იწვევს და თავის მხრივ, ეს ეფექტი კინეტიკურ ენერგიას მაგნიტურ ენერგიად გარდაქმნის და დედამიწის გლობალურ მაგნიტურ ველს წარმოქმნის. სწორედ ეს მაგნიტური ველი გვიცავს მავნე კოსმოსური რადიაციისგან, ინარჩუნებს ატმოსფეროს და შესაბამისად, დედამიწას სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ადგილად აქცევს.

შიდა ბირთვში მომხდარმა ცვლილებებმა შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს დინამოში, რასაც თავის მხრივ, დროთა განმავლობაში გავლენა შეიძლება ჰქონდეს დედამიწის სიცოცხლისუნარიანობაზე.

თუმცა, შიდა ბირთვის შესწავლა ადვილი არ არის. შეუძლებელია გაბურღვით იქამდე ჩაღწევა; ამის ნაცვლად, მთლიანად დამოკიდებული ვართ სეისმურ ტალღებზე, რომლებიც პლანეტის წიაღიდან მოდის და იცვლებიან სხვადასხვა სიმკვრივის ფენებთან შეხვედრის შესაბამისად.

დაახლოებით 20 წლის წინ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შიდა ბირთვში არსებობს კიდევ ერთი, უფრო შიდა ბირთვი. მას ყველაზე შიდა ბირთვი უწოდეს და მის არსებობას მხარი დაუჭირა სხვა კვლევებმაც; თუმცა, მის შესახებ უფრო მეტი დეტალის გარკვევა რთული იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ის სხვა მრავალი ფენით არის დაფარული, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ძნელია სეისმური სადგურების დაყენება შესაფერის ადგილებში.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იზრდება გლობალური სეისმური მონიტორინგის სადგურების რაოდენობა, რომლებიც მუდმივად იწერენ პლანეტის „ცახცახს“, რასაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვგრძნობთ. ახლახან, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის სეისმოლოგებმა, ტან-სონ ფჰამმა და ჰრვოიე ტკალშიჩმა გამონახეს გზა, როგორ ამოეღოთ ამ ჩანაწერებიდან ყველაზე შიდა ბირთვის მონაცემები.

„ეს კვლევა იყენებს მუდამ მზარდ გლობალურ სეისმოგრაფულ ქსელს, რათა მნიშვნელოვანი გლობალური სეისმური მოვლენები ინდივიდუალურად შეისწავლოს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

როდესაც დედამიწაზე გიგანტური მიწისძვრა ხდება, წარმოიქმნება ტალღები, რომლებიც ჭავლებივით ვრცელდება პლანეტაში, აღწევს მასში არსებულ სტრუქტურებამდე და უკან აირეკლება. სწორედ ასე შექმნეს მეცნიერებმა დედამიწის წიაღის დეტალური რუკა.

როდესაც სეისმური ტალღები საზღვარს ურტყამს, ტალღა, რომელიც აირეკლება — რევერბაცია, მიწისძვრის ექოს მსგავსი რამ — უფრო სუსტია. აქამდე, მეცნიერებს არ ჰქონდათ ინფორმაცია პლანეტაში სეისმური ტალღების ორზე მეტი გასასვლელის შესახებ.

მონაცემთა დამუშავების შედეგად, ფამმა და ტლაკშიჩმა რამდენიმე დიდი სეისმური მოვლენის სიგნალის გაძლიერება შეძლეს. შედეგად, პირველად ისტორიაში, გამოავლინეს სამ, ოთხ და ხუთმაგი სეისმური რევერბაცია, რამაც თავის მხრივ, შიდა ბირთვის იმაზე დეტალურად შესწავლის საშუალება მისცა, ვიდრე ოდესმე აქამდე.

ტალღების წყვილის გადაადგილების სხვადასხვა დრო მიუთითებს ყველაზე შიდა ბირთვის არსებობაზე, რომლის სიგანეც 650 კილომეტრს არ აღემატება და მკვრივი რკინისგან შედგება. ამ სტრუქტურის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს დედამიწის წარსულის გარკვეულ მომენტში შიდა ბირთვის ზრდაში მომხდარი რაღაც ფუნდამენტური ცვლილება.

ფამის და ტკალშიჩის განცხადებით, ამ კვლევის შედეგად, ახლა უკვე საკმარისი მტკიცებულება გვაქვს ყველაზე შიდა ბირთვის არსებობის შესახებ და შემდეგი კვლევები ფოკუსირებული უნდა იყოს მის დახასიათებაზე, გარე შიდა ბირთვზე და ამ ორს შორის საზღვარზე. ამ ყველაფრის პასუხი კი უკვე შეიძლება იმალებოდეს მონაცემებში და აღმოსაჩენად ვინმეს ელოდებოდეს.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.