გეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ დედამიწის შიდა ბირთვი სინამდვილეში მყარია
გეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ დედამიწის შიდა ბირთვი სინამდვილეში მყარია

პირველად ისტორიაში, გეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენი პლანეტის შიდა ბირთვი ნამდვილად მყარია, თუმცა არც ისეთი მტკიცე, როგორც ამას მოდელები პროგნოზირებდა.

ზუსტი სეისმური ტალღების დაფიქსირების ახალი მეთოდის წყალობით, მიწისძვრის ჭავლების მოუხელთებელი ტიპის ანალიზმა ჩვენი პლანეტის ყველაზე ღრმა ფენის ძირითადი მახასიათებლები გამოავლინა.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს დაბალი ამპლიტუდის „J ფაზის“ სეისმური ტალღები, რომლებიც პლანეტის ბირთვში გაივლის. შედეგად, საბოლოოდ დადგინდა, რომ დედამიწის შიდა ბირთვი მყარია.

პლანეტის ქერქის ზედაპირზე გადაადგილებასთან ერთად, ენერგიის ტალღები ჭავლების სახით სიღრმეში მიემართება.

ამ ტალღებს მრავალი რამის თქმა შეუძლიათ იმ ნივთიერებათა თვისებების შესახებ, რომლებშიც გაივლიან.

ამ ტალღების ერთ ტიპს „J ფაზას“ უწოდებენ. მკვლევართა აზრით, ის უნდა გაივლიდეს შიდა ბირთვში და იძლეოდეს ცნობებს მის შესახებ. თუმცა ეს ყველაფერი თეორიად რჩებოდა. პრობლემა ის იყო, რომ ამ ტალღების დაფიქსირება ვირტუალურად შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ორმა ავსტრალიელმა მკვლევარმა ეს მაინც მოახერხა.

გლობალური სეისმური სადგურების გამოყენებით, მათ აიღეს მიმღებთა თითო წყვილი და თითო დიდი მიწისძვრა. მრავალი ასეთი კომბინაციით, გაზომეს მსგავსება სეისმოგრამებს შორის.

მსგავსი მეთოდით ცოტა ხნის წინ ზუსტად გაზომეს ანტარქტიდის ყინულების სისქე. მკვლევართა თქმით, მისი გამოყენება პოტენციურად შესაძლებელი უნდა იყოს სხვა პლანეტებისთვისაც.

ჩვენი პლანეტის წიაღის კვლევა საკმაოდ რთული საქმეა. ადამიანს ქერქის გაბურღვა მაქსიმუმ 12 კმ სიღრმემდე შეუძლია, მაგრამ უცნობი რჩება რა ხდება მის ქვეშ, ათასობით კმ სიღრმეზე.

საუკუნის წინ მიიჩნეოდა, რომ ჩვენს პლანეტას სქელი ქერქი და გამდნარი მეტალებისგან შედგენილი თხევადი ბირთვი ჰქონდა.

ყველაფერი ეჭვქვეშ დადგა 1930-იან წლებში, როცა ახალი ზელანდიის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დააფიქსირეს ტალღები, რომლებიც წესით, არ უნდა არსებულიყო. დანიელ სეისმოლოგ ინგ ლეჰმანს გაუჩნდა მოსაზრება, რომ ეს ტალღები მყარი ბირთვისგან წამოსული ექო უნდა ყოფილიყო.

ამის შემდეგ, მყარ შიდა ბირთვს აქტიურად იყენებდნენ ჩვენი პლანეტის სტრუქტურის გეოლოგიურ მოდელებში. ის ზომით მთვარის სამი-მეოთხედია და შედგება რკინისა და ნიკელისგან.

მისი სტრუქტურა შესაძლოა, კიდევ უფრო კომპლექსური იყოს. უნდა არსებობდეს სხვაობები რკინის კრისტალების განლაგებას შორის, რის შედეგადაც, შიდა ბირთვს კიდევ საკუთარი „შიდა ბირთვი“ უჩნდება.

მკვლევართა თქმით, მართალია, შიდა ბირთვი მყარია, მაგრამ არც ისეთი მტკიცე აღმოჩნდა, როგორც აქამდე ეგონათ — მისი ელასტიკურობა დაახლოებით ოქროსა და პლატინის მსგავსია.

ყველა ეს ინფორმაცია სასიცოცხლოა, თუკი გვსურს დეტალურად გავიგოთ პლანეტათა წარმოქმნისა და მაგნიტური ველების მოქმედების პრინციპები.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია anu.prezly.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი