დედამიწის წიაღში სავარაუდოდ ჩამარხულია სხვა პლანეტის გიგანტური ფრაგმენტები — #1tvმეცნიერება
დედამიწის წიაღში სავარაუდოდ ჩამარხულია სხვა პლანეტის გიგანტური ფრაგმენტები — #1tvმეცნიერება

ისინი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უცნაური სტრუქტურებია: პლანეტის მანტიის ყველაზე ქვედა ფენაში ჩამარხული მკვრივი ქანების უზარმაზარი, იდუმალი მონაკვეთები.

არსებობს ორი ასეთი გიგანტური მასა და უწოდებენ დაბალი ხახუნის სიჩქარის დიდ ოლქებს (LLSVP); ერთი მათგანი აფრიკის ქვეშაა ჩამარხული, მეორე კი წყნარი ოკეანის.

ეს ანომალიები იმდენად მასიურია, რომ წარმოქმნიან საკუთარ აშლილობებს, მაგალითად, დიდ ფენომენს, სახელად სამხრეთ ატლანტიკურ ანომალიას, რომელიც ამჟამად დედამიწის მაგნიტურ ველში მიმდინარეობს და თანაც მას ასუსტებს.

როგორ და რისთვის გაჩნდა მანტიაში დაბალი ხახუნის სიჩქარის დიდი ოლქები — ამის მეცნიერებს ძალიან ბევრი იდეა აქვთ, მაგრამ არც ისე ბევრი მტკიცებულება.

თუმცა, ცნობილია, რომ ეს გიგანტური მონაკვეთები ძალიან ძველია; ზოგი მეცნიერის აზრი, ისინი დედამიწაზე იმ შეჯახების შემდეგ გაჩნდა, რომელმაც მთვარე წარმოქმნა — ანუ, წარმოადგენს დედამიწისა და ჰიპოთეტური პლანეტა თეიას შეჯახების ნაკვალევს.

ამ ფართოდ მიღებული არგუმენტის მიხედვით, მარსის ზომის პლანეტა თეია ახალგაზრდა დედამიწას დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ შეეჯახა, თეიას და დედამიწისგან ამოგლეჯილი უზარმაზარი მონაკვეთი კოსმოსში გაიტყორცნა და თანდათან ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მთვარედ იქცა.

სად წავიდა თეიას დანარჩენი ნაწილი, უცნობია. დაიმსხვრა თუ უბრალოდ აისხლიტა და მთლიანად კოსმოსში გაიბნა? არ ვიცით.

მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ამ ორი პირველყოფილი პლანეტის ბირთვი შეიძლება ერთმანეთს შეერწყა და გაერთიანდა; მათივე აზრით, სწორედ ამ შეჯახების შემდეგ ორი სხეულის შემადგენელ ქიმიურ ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის შედეგად გახდა შესაძლებელი დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენება.

ამჯერად, მეცნიერები ამ მონუმენტურ კითხვებს ახალი ვარაუდებით მიუბრუნდნენ; მათი იდეაც ამ უცნაურ დაბალი ხახუნის სიჩქარის დიდ ოლქებს ეხება და დედამიწა/თეიას ჰიბრიდის ჰიპოთეზას აცოცხლებს.

არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ახალი მოდელირების მიხედვით, დაბალი ხახუნის სიჩქარის დიდი ოლქები შეიძლება წარმოადგენს თეიას რკინით მდიდარი და ძლიერ მკვრივი მანტიის უძველეს ფრაგმენტებს, რომლებიც მილიარდობით წლის წინ, ამ ორი ახალგაზრდა პლანეტის შეჯახებისას დედამიწის მანტიაში ჩაიძირა და ჩაიმარხა.

„გიგანტური შეჯახების ჰიპოთეზა მთვარის წარმოქმნის ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი მოდელია, მაგრამ საკმაოდ მოუხელთებელია თეიას შეჯახების პირდაპირი მტკიცებულება“, — განმარტავს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მანტიის დინამიკის მკვლევარი ქიან იუანი ხელმძღვანელობდა; შედეგები ჯგუფმა მთვარისა და პლანეტური მეცნიერების სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოადგინა.

მათივე განცხადებით, კვლევაში აჩვენეს, რომ თეიას მანტია შეიძლება დედამიწისაზე რამდენიმე პროცენტით მკვრივი ყოფილიყო, რის გამოც, თეიას მანტიის მასალა დედამიწის მანტიის ყველაზე ქვედა ფენაში ჩაიძირა და თერმოქიმიური გროვების სახით აკუმულირდა, რაც შეიძლება წარმოქმნიდეს სეისმურად დაკვირვებად დაბალი ხახუნის სიჩქარის დიდ ოლქებს.

მართალია, უკვე წლებია არსებობს სპეკულაციები იმის შესახებ, რომ დაბალი ხახუნის სიჩქარის დიდი ოლქები შეიძლება თეიას ნაშთები იყოს, მაგრამ ახალი კვლევა ყველაზე სრულყოფილი ფორმულირება ჩანს ამ მიმართულებით ამ დრომდე ჩატარებულთა შორის. კვლევა ამჟამად რეცენზირების პროცესშია, შემდეგ კი ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდება.

გარდა მანტიის მოდელირებისა, კვლევის შედეგები ეთანხმება წინა კვლევასაც, რომლის მიხედვითაც, დაბალი ხახუნის სიჩქარის დიდ ოლქებთან დაკავშირებული გარკვეული ხელწერები სულ მცირე იმ პერიოდისაა, როდესაც დედამიწას თეია შეეჯახა.

„გამომდინარე აქედან, პირველყოფილი მასალები შეიძლება დაბალი ხახუნის სიჩქარის დიდი ოლქებიდან იღებდეს სათავეს, რაც კარგად აიხსნება, თუ ეს მონაკვეთები ინახავს თეიას მანტიის მასალებს, რომლებიც თავად გიგანტურ შეჯახებაზე უფრო ძველია“, — განმარტავს იუანი.

დაველოდოთ, რა რეაქცია ექნება ამ ჯგუფის კვლევაზე დანარჩენ სამეცნიერო საზოგადოებას, მაგრამ ამ ეტაპზე, სულ მცირე, ხელთ გვაქვს კიდევ ერთი საკმაოდ დამაჯერებელი მოსაზრება დედამიწის წიაღში ჩამარხული ამ ანომალიების შესახებ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.