დანიის სუპერლიგის მე-17 ტურში საბა ლობჟანიძის „რანდერსმა“ „სონდერისკესთან“ საშინაო შეხვედრა 0:2 დათმო.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა შეუცვლელადაც ითამაშა და გუნდის წაგების მიუხედავად, იმდენად ეფექტური შეხვედრა ჩაატარა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული საგანგებო პრიზი გადასცეს.
“გახარებული ვარ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დამასახელეს. თუმცა სამწუხაროა, კარგად ჩატარებული მატჩის მოგება რომ ვერ მოვახერხეთ” – ამბობს ლობჟანიძე.
საინტერესოა, რომ 23 წლის ქართველი შემტევი საუკეთესო იყო წინა ტურის მატჩშიც, რომელშიც “რანდერსმა” გასვლაზე “ლუნგბიუ” 3:1 დაამარცხა – ამ დაპირისპირებაში საბამ გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
17 ტურში „რანდერსმა“ მხოლოდ 4 ქულა დააგროვა და 14-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზეა.