ლობჟანიძის საფასური ცნობილია - დანიელებმა კომპენსაცია მაინც მიიღეს
ლობჟანიძის საფასური ცნობილია - დანიელებმა კომპენსაცია მაინც მიიღეს

ცნობილი გახდა თანხა, რომელიც „ანკარაგუჯუმ“ საბა ლობჟანიძის ტრანსფერში გადაიხადა. დანიური გამოცემის, „ექსტრა ბლადეტის“ ცნობით, საქართველოს ნაკრების შემტევის ყოფილი კლუბი, „რანდერსი“ ამ გარიგების შემდეგ უშემოსავლოდ არ დარჩენილა.

„სუპერლიგის „რანდერსის“ ხელმძღვანელობა ბოლო წამამდე იმედოვნებდა, რომ ქართველ ლიდერში თანხას მიიღებდა და საბოლოოდ, ასეც მოხდა. „ანკარაგუჯუმ“ საბა ლობჟანიძის ტრანსფერში 2,24 მილიონი კრონი გადაიხადა, რაც თითქმის 300 ათასი ევროა“ – წერს „ექსტრა ბლადეტი“.

საქმე ისაა, რომ საბა ლობჟანიძეს „რანდერსთან” კონტრაქტი უმთავრდებოდა და შეეძლო, თავისუფალი აგენტი გამხდარიყო – ასე კი დანიელები ევროსაც ვერ მიიღებდნენ.

საბა ლობჟანიძემ, რომელიც „ანკარაგუჯუში“ ორიოდე დღის წინ ჩაირიცხა, თურქეთის სუპერლიგაში სადებიუტო შეხვედრა მე-20 ტურში ჩაატარა. მისმა ახალმა გუნდმა „კასიმფაშასთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენის შანსი ორჯერ ჰქონდა, 28-ე და 47-ე წუთებზე და ორივეჯერ ბურთი ძელს მოარტყა.

20 ტურში „ანკარაგუჯუმ“ 14 ქულა დააგროვა და სუპერლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა.

დატოვე კომენტარი