„ბარსელონა“ გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება #1TVSPORT

14:10, 19.11.2026

„ბარსელონა“ დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და კატალონიური კლუბის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე დორტმუნდის „ბორუსიასა“ და გერმანიის ნაკრების 26 წლის მცველი ნიკო შლოტერბეკია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გერმანელი ფეხბურთელის დამატებით განსაკუთრებით „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკია დაინტერესებული, რომელიც შლოტერბეკს გერმანიის ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს. სწორედ ფლიკის ხელმძღვანელობით ჰქონდა მცველს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2022 წელს.

შლოტერბეკმა მიმდინარე წლის აპრილში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია სპეციალური პირობა, რომლის მიხედვითაც გარკვეულ კლუბებს ფეხბურთელის შეძენა 50-60 მილიონ ევროდ შეეძლებათ. თუმცა ეს შესაძლებლობა მხოლოდ 2027 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკომ გერმანელი მცველის მიმართ ინტერესი არც დაადასტურა და არც უარყო. შლოტერბეკის შესაძლო ტრანსფერზე დასმულ შეკითხვას მან ხუმრობით უპასუხა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელზე საუბარმა შესაძლოა მისი ფასი გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ ცენტრალური მცველის დამატებას უკვე იანვარში განიხილავს, თუმცა შლოტერბეკის ტრანსფერის განხორციელება ფინანსური პირობებიდან გამომდინარე ზაფხულში უფრო რეალურია.

მსგავსი