ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეები დაასახელა – გიორგი მამარდაშვილი 33-ე ადგილზეა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეების რეიტინგში 33-ე ადგილზეა, – ასეთია CIES Football Observatory-ს (ფეხბურთის კვლევითი ცენტრი) შეფასება.
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეების სიას ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ მეკარე ჟოან გარსია ლიდერობს, რომლის სატრანსფერო ღირებულება 80.6 მილიონი ევროა. შემდეგ მოდიან იტალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა (79.9 მლნ) და „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის დარაჯი სენე ლამენსი (64.2 მლნ).
საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარემ კლუბში მცირე სათამაშო დროის გამო რეიტინგში პოზიციები დაკარგა. 2024 წელს მამარდაშვილი ხუთეულში შედიოდა, ამჟამად კი CIES Football Observatory მის სატრანსფერო ღირებულებას 28.1 მილიონ ევროდ აფასებს და რეიტინგში 33-ე ადგილზე აყენებს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, მამარდაშვილი რეიტინგში ასწრებს არგენტინის ნაკრების მეკარეს, ემილიანო მარტინესს (27 მლნ), ვანია მილინკოვიჩ-სავიჩს (26.9 მლნ) და „ევერტონის“ კარის დარაჯს, ჯორდან პიკფორდს (25.2 მლნ).