ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი დარეგისტრირდა #1TVSPORT

10:10, 19.11.2026

2027 წელს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, რომელშიც მოქმედ პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სამი კონკურენტი ეყოლება.

ინფანტინო ფიფა-ს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. შვეიცარიელი ფუნქციონერი 2019 და 2023 წლებში კონკურენტის გარეშე, კენჭისყრის ჩატარების გარეშე აირჩიეს, მომდევნო არჩევნებში კი მას რამდენიმე კანდიდატთან მოუწევს დაპირისპირება.

ფიფა-ს პრეზიდენტობის სურვილი ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა:

ჯანი ინფანტინო (შვეიცარია) – ფიფა-ს მოქმედი პრეზიდენტი

ფილიპ დიალო (საფრანგეთი) – საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც უეფა უჭერს მხარს

კოზო ტაშიმა (იაპონია) – იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი

რამონ ვეგა (შვეიცარია) – შვეიცარიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

არჩევნები 2027 წლის 18 მარტს, მაროკოში, ფიფა-ს 77-ე კონგრესის ფარგლებში გაიმართება.

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ორგანიზაციის 211 წევრ ფედერაციას აქვს, თითოეულს – ერთი ხმა. არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდება. თუ პრეზიდენტობისთვის ორზე მეტი კანდიდატი იბრძოლებს, პირველ ტურში გამარჯვებისთვის ხმების ორი მესამედი იქნება საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ტურებში ყველაზე ნაკლები ხმის მქონე კანდიდატები გამოეთიშებიან ბრძოლას, საბოლოოდ კი გამარჯვებულს ხმების უბრალო უმრავლესობა გამოავლენს.

მსგავსი