უკრაინის ნაკრების მწვრთნელი – საქართველოს სტანდარტულ მდგომარეობებზე კარგად ვიმუშავეთ #1TVSPORT

01:00, 19.11.2026

„საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე სტანდარტულ მდგომარეობებზე ბევრი ვიმუშავეთ და ამან შედეგი გამოიღო“, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ტარას სტეპანენკომ ერთა ლიგის მეექვსე ტურში საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა.

„საქართველოსთან მატჩამდე სხვადასხვა სცენარისთვის მოვემზადეთ. ამაზე განსაკუთრებული ყურადღება ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ გაამახვილა. საბოლოოდ, მოვლენები დიდწილად იმ გეგმის მიხედვით განვითარდა, რომელიც ანდრეამ ამ შეხვედრისთვის შეიმუშავა.

მეტოქის მხრიდან საფრთხე თითქმის ყოველთვის სტანდარტული მდგომარეობებიდან იქმნებოდა. ეს ბურთის საჯარიმო მოედანში მიწოდების ყველაზე სწრაფი გზაა. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ძლიერი მხარე სწორედ სტანდარტული მდგომარეობები და სწრაფი შეტევებია. მათ ხომ საქართველოს სწორედ ასე, აუტიდან ბურთის მიწოდების შემდეგ გაუტანეს.

როდესაც მეტოქის 10 კუთხურსა და 5 საჯარიმო დარტყმას უმკლავდები, ადრე თუ გვიან ერთ-ერთი მათგანი მაინც დასრულდება კარში დარტყმით. ასეთია ფეხბურთი – შეუძლებელია, ყველა რისკის სრულად აღმოფხვრა. თუმცა მატჩამდე ამ მიმართულებითაც ბევრი ვიმუშავეთ და საქართველოსთან ამ დავალებას თავი კარგად გავართვით“, – განაცხადა სტეპანენკომ.

მსგავსი