დანიური მედია - ლობჟანიძე „რანდერსში“ დარჩა
დანიური მედია - ლობჟანიძე „რანდერსში“ დარჩა

მოლოდინის საწინააღმდეგოდ, საბა ლობჟანიძე ამ სატრანსფერო ფანჯარაში კლუბს არ შეიცვლის, – ინფორმაციას დანიური გამოცემა BT ავრცელებს.

ევროპაში სატრანსფერო „ფანჯარა“ დაიხურა და იყო შანსი, რომ საბა ლობჟანიძეს გუნდი შეეცვალა, მაგრამ საბოლოოდ, ვერ მოხერხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის კლუბში დარჩენის ამბავი „რანდერსის“ სპორტულმა დირექტორმა, სორენ პედერსენმა დაადასტურა, რომელმაც გამოცემის თქმით, კომენტარის დროს გაღიზიანება ვერ დამალა.

„მინდოდა, რომ საბა ახალ კლუბში გადასულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ მოხდება. ჩვენ ერთი თვალით ვტირით და მეორეთი ვიცინით. სპორტული კუთხით მისი დარჩენა კარგია, მაგრამ ამ ტრანსფერით ფულის გამომუშავება გვსურდა“, – ამბობს სორენ პედერსენი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის მოთამაშე „რანდერსში“ 2017 წლიდან თამაშობს და 77 მატჩში 24 გოლი გაიტანა. „რანდერსი“ მის ტრანსფერში 1,2 მილიონ ევროს ითხოვდა, რასაც დაინტერესებული კლუბებიდან არც ერთი არ დათანხმდა.